აჭარის შესახებ

ფართობი: 2900 კმ2
აჭარის მოსახლეობა: 340 000
ადმინისტრაციული ცენტრი: ქალაქი ბათუმი
ბათუმის მოსახლეობა: 155 000
ლანდშაფტი: ძირითადად მთიანი 
სანაპირო კლიმატი: ნოტიო-სუბტროპიკული


აჭარის უძველესი ისტორია კოლხეთის კულტურას უკავშირდება (ჩვ. წ. აღ-მდეVIII-VI სს). ქალაქები: ფიჭვნარი, აფსაროსი და ბათუმი კოლხეთის სამეფოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ. დღევანდელობის კავშირი უძველეს ისტორიასთან რეგიონის ტოპონიმიკაშიც იგრძნობა. თუმცა, აჭარის ისტორია ასევე უკავშირდება რომაელებსა და ბიზანტიელებს, ოსმალთა შემოსევებს და რუსეთის იმპერიის პერიოდს. აჭარის მთავარი საპორტო ქალაქი-ბათუმი, მე -19 საუკუნის ბოლოდან გახდა მსხვილი საერთაშორისო სავაჭრო ცენტრი და საკვანძო ნავსადგური კასპიის ნავთობის ევროპაში ტრანზიტისათვის.


აჭარა, დღესდღეობით, თავისი კლიმატის, ლანდშაფტისა და სხვა მრავალი ფაქტორიდან გამომდინარე, ტურიზმის მრავალ მიმართულებას ავითარებს. მათ შორისაა: საზღვაო, სამთო, სოფლის, ღვინის, საქმიანი, სათამაშო, გასტრონომიული და კულტურულ-ისტორიული ტურიზმი. რეგიონს ყოველწლიურად 1 მილიონზე მეტი უცხოელი ტურისტი სტუმრობს. აჭარის მონახულება შესაძლოა, როგორც საჰაერო, ასევე საავტომობილო, სარკინიგზო და საზღვაო ტრანსპოტის საშუალებით.

 
აჭარის მდებარეობა
აჭარა მთიანი რეგიონია და აჭარა-იმერეთის, არსიანისა და შავშეთის ქედებზეა განლაგებული, რომელთა საშუალო სიმაღლე ზღვის დონიდან 2-2,5 ათასი მეტრია. აჭარა სამხრეთიდან ესაზღვრება თურქეთს, ხოლო დასავლეთით და ჩრდილო-დასავლეთით შავი ზღვა აკრავს. ბუნებრივი პირობებიდან გამომდინარე, აჭარის კლიმატი ორ ნაწილად იყოფა: ტენიანი სუბტროპიკული და მშრალი მთის კლიმატი. სანაპირო ზოლში იანვრის საშუალო ტემპერატურა +6,5 გრადუსია, აგვისტოში კი +24,5. მაღალმთიან აჭარაში საშუალო ტემპერატურა იანვარში +1- ს, ხოლო ივლისში + 19-ს შეადგენს. ბათუმისთვის უთოვლო ზამთარი და ზომიერად ცხელი ზაფხულია დამახასიათებელი, ხოლო მაღალმთიანეთში ზამთარი დაახლოებით 5 თვემდე გრძელდება.


აჭარის ბუნება 
აჭარის ფლორა და ფაუნა ძალიან მდიდარი და მრავალფეროვანია. რეგიონი კოლხური ტყეებითაა დაფარული, სადაც რელიქტურ-ენდემური ხეებისა და ყვავილების სხვადასხვა ჯიშები, ასევე ფაუნის იშვიათი სახეობებია დაცული, რომელთაგან 40-ზე მეტი წარმომადგენელი საქართველოს წითელ წიგნშია შეტანილი. რეგიონის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი (13%) ეროვნულ პარკებს, დაცულ ტერიტორიებსა და ბოტანიკურ ბაღებს უჭირავთ, რომელთაც ერთმანეთისგან განსხვავებული ეკოსისტემა გააჩნია. ესენია: კინტრიშის და ქობულეთის (ისპანის ტორფნარი) დაცული ტერიტორიები, მტირალას ეროვნული პარკი (დაახლოებით 16 ათ.ჰა), მაჭახელას ეროვნული პარკი (დაახლოებით 8 ათ. ჰა), გოდერძის ალპური ბოტანიკური ბაღი და 100 წელზე მეტი ხნის ბათუმის ბოტანიკური ბაღი.


აჭარაში ბევრი მდინარეა: ჭოროხი, აჭარისწყალი, ჩაქვისწყალი, მაჭახელა, კინტრიში და ა.შ. ისინი შავი ზღვის აუზს განეკუთვნებიან. მრავლად გვხვდება მინერალური წყაროებიც: კოკოტაური, გუნდაური, კემისი, ხიხანი და ა.შ. რეგიონში ასევე არის ფერადი ლითონების საბადოებიც.
სტუმრების დიდ ინტერესს იწვევს ჩანჩქერები, რომლებიც მრავლადაა აჭარაში. მათი მონახულება შესაძლოა მახუნცეთში, მერისში, გობრონეთში, ქვედა ჩხუტუნეთში, მირვეთში, ბაკოში, ჭვანას ხეობაში და სხვა.


განსაკუთრებული სილამაზით გამოირჩევა აჭარის მთები, რომლებიც რეგიონის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს.