ლატევრის მთა ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ გობრონეთს ეკუთვნის, საიდანაც 6კმ-ის დაშორებით მდებარეობს, ზღვის დონიდან 1000 მ სიმაღლეზე.

გობრონეთი აჭარის ერთ-ერთი უძველესი სოფელია ულამაზესი პანორამული ხედებითა და ტყეში გამავალი ბილიკებით. სოფელში რამდენიმე საოჯახო სასტუმროა, რომლის გულთბილი მასპინძელი ადგილობრივი უგემრიელესი კერძებით გაგიმასპინძლდებათ, საინტერესო ამბებს მოგიყვებათ მათ წეს-ჩვეულებებსა და ყოველდღიურ ცხოვრებაზე და ტრადიციულ პოლიფონიურ სიმღერებსაც მოგასმენინებთ. სურვილის შემთხვევაში, შესაძლებლობა გექნებათ თავად მიიღოთ მონაწილეობა სოფლის მეურნეობის ისეთ საქმიანობებში, როგორიცაა: ყველის ამოყვანა, თამბაქოს დაჭრა, არაყის გამოხდა, ასევე, დიასახლისს დაეხმაროთ სამზარეულოში და რამდენიმე ახალი რეცეპტიც შემატოთ თქვენს კულინარიულ გამოცდილებას.

გობრონეთიდან ლატევრის მთისკენ უნდა გაიაროთ 12 კმ-იანი  ტყის მარკირებული საფეხმავლო ბილიკი, რომელიც მეტად საინტერესო თავგადასავალს გპირდებათ. აქ  შეხვდებით აჭარისწყლის ხეობისთვის დამახასიათებელ კოლხური ტიპის მცენარეებს, ფერდობებზე უხვადაა: წაბლი, წიფელი, რცხილა, მუხა, თუ უთხოვარი, ასევე, წიწვოვანებიც. შესაძლოა გზაზე გარეული ცხოველების კვალს წააწყდეთ, რადგან აქ ბინადრობს: დათვი, მგელი, მელა, ტურა და სხვა, მდიდარია ფრინველთა სამყაროც. ლატევრასკენ  მიმავალ გზაზე გაივლით ულამაზეს ჩანჩქერს, რომლის ვარდნის სიმაღლე 20 მ-ია.

ლატევრის მთაზე ასასვლელი გზა საკმაოდ რთულია, დაახლოებით 1 კმ ციცაბო კლდეზე უნდა გაიაროთ, თუმცა მთაზე გაფენილი შედარებით მცირე, მაგრამ ულამაზესი იაილების ნახვის შემდეგ მიხვდებით, რომ ეს სირთულე ამად ნამდვილად ღირდა. მით უმეტეს, რომ მთის საზაფხულო სახლებში მშვენივრად დაისვენებთ, სურვილის შემთხვევაში, ღამესაც გაათევთ, მემთევრებს გამოელაპარაკებით, მათი სამეურნეო საქმიანობის შესახებ გამოჰკითხავთ და ეკოლოგიურად სუფთა რძის პროდუქტებს მიირთმევთ. აქვეა სუფთა წყარო და საპიკნიკე ადგილი. ლატევრის მთიდან წამოსვლის შემდეგ, წრიული მარშრუტით ისევ გობრონეთში დაბრუნდებით.

 

აქტივობები
ლატევრის ჩანჩქერის მონახულება, პიკნიკი, ლატევრის იალაღების მონახულება, განთავსება ადგილობრივ საოჯახო სასტუმროებში

 

სერვისები
საოჯახო სასტუმროებში ღამისთევა სამჯერადი კვებით საშუალოდ 60 ლარი

 

როგორ მოვხვდეთ
მიკროავტობუსი: ბათუმი-გობრონეთის მიმართულებით, ფასი 4 ლარი
მის.: ბათუმის ძველი ავტოსადგური, მაიაკოვსკის ქ. №1

გაზიარება