ალპური აჭარა

მაღალმთან აჭარაში, კერძოდ, ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში უხვადაა ალპური მთები და ჯერ კიდევ კარგად შემონახული ე.წ იაილები, რომლებიც ზღვის დონიდან დაახ. 2200 მ. სიმაღლზეა განლაგებული. იაილები თავისი იერსახით, იქ არსებული ხელუხლებელი ბუნებით, პანორამული ხედებით, ბიომრავალფეროვნებით, ისტორიულად ჩამოყალიბებული კულტურული ლანდშაფტით, საზაფხულო საცხოვრებლებით ავთენტურ და ეთნოლოგიურ ფასეულობას ქმნიან.


ალპურ ზონაში განთავსებულ იაილებს სახასიათოსა და განსხვავებულს ხდის   მათი უნიკალური მდებარეობა, ტრადიციული ნაგებობები, არსებული სიმჭიდროვე, საკარმიდამოების ზომა, მასშტაბი, პროპორციები, რომლებიც  კულტურული ღირებულებების ჯაჭვს ქმნის, მათ კულმინაციას კი წარმოადგენს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა- ისეთი კულტურული ფასეულობა, როგორიცაა ადათ-წესები, კულინარია, ცხოვრების წესი (სეზონურობა, მესაქონლება, მემთეურობა), საშემსრულებლო ხელოვნება, ხელოსნობისა თუ ზეპირსიტყვიერების ტრადიციები, რომელიც მაღალმთიან აჭარაში, განსაკუთრებით იაილებში, დღემდე შენარჩუნებულია.


იაილები- ტრადიციული საზაფხულო საძოვრებია. ზემო აჭარის მცხოვრებნი, რომელთა ძირითადი საქმიანობა მესაქონლეობაა, საკუთარ სახლებს მაისის დასაწყისში ტოვებენ და შემოდგომის დადგომამდე იაილებში რჩებიან, სადაც ოჯახთან და პირუტყვთან ერთად პატარა, ხის სახლებში ცხოვრობენ. ამ ადამიანებს მემთეურებს ეძახიან.


მემთეურები მთელი ზაფხულის განმავლობაში უვლიან საქონელს, წველიან და რძის პროდუქტებს ამზადებენ, რომელთაგან ნაწილს ჰყიდიან, ნაწილს კი ზამთრისათვის ინახავენ. ზაფხულში მაღალმთიანი აჭარის იაილებზე ყოველთვის ხალხმრავლობა და სიცოცხლის დუღილია. ოჯახის ახალგაზრდა თუ ხანდაზმული წევრები ყოველთვის ფუსფუსში არიან, ლოყაწითელა, სუფთა ჰაერზე გაზრდილი ბავშვები კი ეზოებში თამაშობენ ან ქოხებიდან ათვალიერებენ არე-მარეს.
იაილების მემთეურები განსაკუთრებით გამოირჩევიან სტუმართმასპინძლობით. ასეთ თბილ და სალმიან ხალხს უბრალოდ ვერსად შეხვდებით. ისინი დიდი ყურადღებით ექცევიან  ყველა ამვლელ-ჩამვლელს და საკმარისია, უბრალოდ გზის შესახებ ჰკითხოთ რამე, მაშინვე მათთან შესვენებასა და ჭიქა ყავას შემოგთავაზებენ.


იაილებამდე მისასვლელი გზა მაღალ მთებზე გადის, ამიტომ არც ისე ადვილი და საკმაოდ მომქანცველია, მაგრამ ამად ნამდვილად ღირს.  


აქ ნისლი ყველაზე ხშირი სტუმარია, რომელიც თითქოს გარესამყაროსგან მალავს აქაურობას და მას გასაოცარ იდუმალებას და მისტიურობას ანიჭებს. ამიტომ, როცა ლაშქრობას და ახალი, იდუმალი ადგილების მონახულებას გადაწყვეტთ, მაშინ უდავოდ მაღალმთიანი აჭარის იაილებს უნდა ესტუმროთ.