მანძილი
ბათუმიდან- 84 კმ;
შუახევიდან- 40 კმ.
ჯვარიმინდორი შუახევის რაიონის სოფელ ცხემლისის მოსახლეობის საზაფხულო იაილებია, რომელიც გურიის საზღვართან მდებარეობს, ზღვის დონიდან დაახლოებით 2000 მ.-ზე. ჯვარიმინდორზე გადის ყველაზე გრძელი ქსელური მარშრუტი კინტრიში-გომისმთა-ცხემლისი-ხაბელაშვილები და ასევე წარმოადგენს გზაგასაყარს, სადაც კინტრიშის დაცული ტერიტორია, შუახევის მუნიციპალიტეტი და გურიის რეგიონი ერთმანეთს უკავშირდება. აქ ამოსვლამდე გზად რამდენიმე ღირსშესანიშნაობა და საოჯახო სასტუმრო სახლი შეგხვდებათ, მათ შორის აუცილებლად მოსანახულებელია ხაბელაშვილების სამ საუკუნოვანი ხის ხიდი.
ადგილობრივებმა ამ ტერიტორიას ჯვარიმინდორი უწოდეს იმ ჯვრის საპატივცემულოდ, რომელიც მე-18 საუკუნეში აჭარელმა ღვთისმსახურებმა დამპყრობლებისგან გადამალეს და იხსნეს. ამას გარდა, ამ მთის მწვერვალზე, ჯვარი ბუნებრივად არის ქვაზე გამოსახული. სიმბოლურად, სწორედ ამ ადგილას, 2012 წლიდან, ყოველ 28 აგვისტოს, ღვთისმშობელი მარიამის მიძინების დღეს, ეწყობა სახალხო დღესასწაული ,,ჯვარიმინდორობა“. ფესტივალზე იმართება ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების შოუ, წარმოდგენილია ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, ეწყობა შეჯიბრებები და ლაშქრობები.
ჯვარიმინდორი- ნამდვილი ალპური იაილები, თვალმიუწვდენლად გაშლილი მინდორი, მემთეურების პატარა ხის სახლებით და ნისლით, მნახველზე საოცარ შთაბეჭდილებას ახდენს. შორი გზიდან მომავალ მგზავრს შეუძლია საიალაღო სახლში შეისვენოს, სუფთა ჰაერსა და ნოყიერ ბალახზე გაზრდილი საქონლის რძის პროდუქტები მიირთვას და წყალიც მოიმარაგოს.
აქტივობები
კარვების გაშლა, ხაბელაშვილების 300 წლოვანი ხიდის მონახულება. გარდამავალი ეკოსათავგადასავლო მარშრუტის გავლა ტბა ტბიყელზე.
როგორ მოვხვდეთ
მაღალი გამავლობის ტრანსპორტით.
საფეხმავლო გზა სოფელ ხაბელაშვილებიდან 14 კმ
მიკროავტობუსი ბათუმი-შუახევისა და ბათუმი-ჭვანას მიმართულებით, ფასი 4-5 ლარი,
მის: ბათუმის ძველი ავტოსადგური, მაიაკოვსკის ქ. №1.