ჩირუხის საზაფხულო იაილები ალპურ ზონაში, ზღვის დონიდან 2148 მ.-ზე მდებარეობს. ზაფხულში აქ ხალხმრავლობაა და სიცოცხლე ჩქეფს. პატარა, ყავისფერ ხის სახლებს მემთეურები სტუმრობენ, რომელთა ძირითადი საქმიანობა მესაქონლეობაა. ისინი საკუთარ სახლებს მაისის დასაწყისში ტოვებენ და შემოდგომის დადგომამდე იაილებში რჩებიან ოჯახთან და პირუტყვთან ერთად. ზაფხულის განმავლობაში მემთეურები უვლიან საქონელს, წველიან მათ და რძის პროდუქტებს ამზადებენ, რომელთაგან ნაწილს ჰყიდიან, ნაწილს კი ზამთრისათვის ინახავენ.
ადგილობრივები განსაკუთრებით გამოირჩევიან სტუმართმასპინძლობით, ისინი დიდი ყურადღებით ექცევიან ყველა ამვლელ-ჩამვლელს და საკმარისია, უბრალოდ გზის შესახებ ჰკითხოთ რამე, მაშინვე მათთან შესვენებასა და ჭიქა ყავას შემოგთავაზებენ.
მთა ჩირუხამდე ულამაზესი მარეთის ხეობა უნდა გაიაროთ. იაილები ჩირუხი-ხიხანი-გოდერძის ალპურ მარშრუტზე გადის. აქვე ახლოა ჯინალის ჩანჩქერი და ალპური ყვავილებით მორთული მწვანე ფერის ტბა.
მთა ჩირუხზე თანამედროვე საპიკნიკე ზონაა მოწყობილი, სადაც შორ გზაზე მიმავალი მგზავრი შეისვენებს, წაიხემსებს, მწვადებს შეწვავს, საქანელებზე განიტვირთება და გზას გააგრძელებს, ან სურვილის შემთხვევაში, კარავსაც იქვე გაშლის.
აქტივობები
კარვების გაშლა, კოცონის დანთება, პიკნიკი, იაილების მონახულება.
როგორ მოვხვდეთ
მარშრუტზე სასურველია იმოგზაუროთ მაღალი გამავლობის ავტომანქანით 4×4, ან ისარგებლოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, რომელიც ბათუმის ძველი ავტოსადგურიდან (მის: მაიაკოვსკის №1) გადის სოფელი პაპოშვილებისა და დარჩიძეების მიმართულებით.
მიკროავტობუსი: ბათუმი-შუახევი, გადის ყოველდღიურად
07:50-18:50, ყოველ ნახევარ საათში, ფასი 4 ლარი.
მიკროავტობუსი: ბათუმი- დარჩიძეები, მოძრაობს კვირაში ორჯერ: სამშაბათსა და პარასკევს 14:00-ზე, ფასი 6 ლარი.
ივლისიდან სექტემბრის შუა რიცხვებამდე, დაბა შუახევიდან თეთრობისა და ჩირუხის მთების მიმართულებით, კვირაში ერთხელ, წინასწარ დადგენილი გრაფიკის მიხედვით გადის სამარშრუტო მიკროავტობუსი. მგზავრობა უფასოა.