გასტრონომია

საქართველო სტუმართმოყვარე ქვეყანაა, სადაც სუფრას და მასპინძლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ჩვენი ქვეყნის ყველა კუთხე მდიდარია მათთვის დამახასიათებელი სამზარეულოთი, რასაც გეოგრაფიული არეალი, ადგილობრივი ყოფა, ტრადიციები, გეოგრაფიულ-კლიმატური პირობები და სამეურნეო საქმიანობა განაპირობებს.

ყველასათვის ცნობილია ისეთი ქართული კერძები, როგორიცაა - ხინკალი, ხაჭაპური, ლობიანი, კუბდარი, საცივი, აჯაფსანდალი, შქმერული, ჩახოხბილი, თუმცა, ამის გარდა, აჭარას, ისევე როგორც საქართველოს სხვა რეგიონებს თავისი, ავთენტური ადგილობრივი კერძები გააჩნია.

როგორც ისტორიულ-ეთნოგრაფიული ყოფა გვაცნობს, აჭარაში 150-მდე დასახელების კერძი მზადდებოდა. ამათგან გამოყოფენ ყოველდღიურ, სადღესასწაულო და რიტუალურ კერძებს, რომელთა ნაწილი კალენდარულ ციკლს ან ცხოვრების ამა თუ იმ ეტაპს უკავშირდება. ადგილობრივმა მოსახლეობამ კარგად შემოინახა ქართული სამზარეულოს ძირძველი ტრადიციები. ამავე დროს, აღმოსავლეთიდანაც გადმოიღო და შეითვისა გარკვეული კერძები, რომლებიც დღესდღეობით ადგილობრივი სამზარეულოს განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.

აჭარული სამზარეულო, რეგიონის განსხვავებული გეოგრაფიულ-კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, მრავალფეროვანია და ლოკალური თავისებურებებით ხასიათდება. განსხვავებული იყო არა მხოლოდ აჭარის მთიანეთის და ზღვისპირა მუნიციპალიტეტების კულინარია, არამედ ზოგჯერ სხვადასხვა ხეობასა თუ სოფელში ერთი სახეობის კერძიც კი განსხვავებულად მზადდებოდა.

სწორედ ამიტომ, აჭარაში ყოფნისას უნდა იცოდეთ და იცნობდეთ აჭარული სამზარეულოს მრავალფეროვნებას, უნდა დააგემოვნოთ ადგილობრივი კერძები, განსაკუთრებით მაშინ, როცა მაღალმთიან აჭარაში მოგზაურობთ.

მაშ ასე, დავიწყოთ „კულინარიული მოგზაურობა აჭარაში“: