გეოგრაფიული არეალი: საერთო ტრადიციული კერძები

აჭარული ტკბილეულის ხსენებაზე, უპირველეს ყოვლისა, ყველას ბაქლავა ახსენდება. ამ ნუგბარის ერთხელ გასინჯვაც კი საკმარისია, რომ ნებისმიერი გურმანის გული მოინადიროს. თუმცა, აჭარელი დიასახლისების გარდა, ძნელად თუ წარმოიდგენს ვინმე რა კოლოსალური შრომაა საჭირო ამ ტკბილეულის დასამზადებლად: გარდა იმისა, რომ დახურულ ოთახში (ზაფხულშიც კი!), სითბოში ხანგრძლივად ზელენ ცომს, სანამ ბუშტუკები არ გაუჩნდება, შემდეგ უწვრილესი ოქლაოთი უთხელეს, სიფრიფანა ფენებად გაყავთ ცომის 40 გუნდა, ხალავენ და ათეთრებენ თხილს ან ნიგოზს შიგთავსისასთვის, მორიგეობით აფენენ თეფშში ფენებსა და გულსართს, ჭრიან სიმეტრიულ, ლამაზ რომბებად, ღუმელიდან ახალგამოღებულ ნამცხვარს წინასწარ მომზადებული, გაციებული სიროფით ნამავენ და, მიუხედავად ასეთი დამღლელი შრომისა, საოცარ ნეტარებას განიცდიან, როცა სტუმრების სახეზე ამ ოქროსფერი, უტკბილესი დესერტის დაგემოვნებით მიღებულ სიამოვნებას ამოიკითხავენ. ბაქლავას ქობულეთში ტათლს ეძახიან. აჭარაში თითქმის ყველა დიასახლისი ამზადებდა ბაქლავას//ტათლს, მაგრამ „სადილის“ ბაქლავის დამზადებას ნებისმიერს როდი ანდობდნენ. თითოეულ სოფელში იყო ამ ხელობით განთქმული ქალი, რომელსაც სპეციალურად იწვევდნენ და ამზადებინებდნენ ისეთ ნაზ, წვნიან, განსაკუთრებულ ბაქლავას, რომლითაც თავს მოიწონებდა პატარძალიცა და მისი ოჯახიც.

ინგრედიენტები:

მარილი - მწიკვი

შაქარი - 500 გრამი

კარაქი - 500 გრამი

კვერცხი - 4 ცალი

ფქვილი - ერთი კილო

ნიგოზი ან თხილი - 500 გრამი

მომზადების წესი:

ნიგოზი ან თხილი მოვხალოთ ტაფაზე და გავათეთროთ (კანი გავაცალოთ). გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში და შევურიოთ შაქარი. თბილი წყლით, გამდნარი კარაქით, კვერცხით, მარილით და ფქვილით მოვზილოთ ცომი და თბილ ადგილას ვზილოთ მანამ, სანამ ცომს გაჭრისას ნასვრეტები არ დაეტყობა. მზა ცომი დავყოთ დაახლოებით 40 პატარა გუნდად. ცომის გუნდები გავიყვანოთ თხელ სიფრიფანა ფენებად და დავაფინოთ ცხიმწასმულ ფორმაში. თითოეულ ფენას გადავუსვათ გამდნარი კარაქი, ხოლო ყველა მერვე ან მეათე ფენას მოვაყაროთ შაქრიანი ნიგოზი ან თხილი. ბოლო ფენას გადავუსვათ ცხიმი და გამზადებული ნამცხვარი დავჭრათ რომბებად. შევწვათ ღუმელში. ცალკე მოვხარშოთ და გავაცივოთ სიროფი. ცხელი ბაქლავა გავჟღინთოთ გაციებული სიროფით.

გაზიარება