გეოგრაფიული არეალი: აჭარის ზღვისპირეთი

,,თუ მწარე არ ჭამე, ტკბილის გემოს ვერ გაიგებო“- ბრძენმა ქართველმა თქვა.  ქართული სამზარეულო ნამდვილად მდიდარია როგორც ცხარე, ასევე ტკბილი კერძებით, თუმცა  ერთდროულად მწარესა და ტკბილ კერძს მხოლოდ აჭარაში თუ გასინჯავთ. აქ ქორწილის ტრადიციულ ატრიბუტად იქცა მაჯუნი - ტკბილ-მწარე დესერტი, რომელიც  ახალდაქორწინებულ წყვილს სიმბოლურად უნდა გაესინჯა ერთად გასატარებელი ცხოვრების ტკბილ-მწარე გზის დასაწყისში. ამბობენ, მაჯუნის გარეშე აჭარაში ქორწილი არ ჩაივლიდაო!

ინგრედიენტები:

ბრინჯი

თეთრი ბოლოკი

თაფლი

შავი წიწაკა

მომზადების წესი:

ბრინჯი მდუღარე წყალში ჩავყაროთ და ვხარშოთ ფაფისებური მასის მიღებამდე. დავამატოთ შაქარი, თაფლი, შავი წიწაკა, 10 წუთი ნელ ცეცხლზე, თავდახურულ ჭურჭელში გავაჩეროთ და ჩოგნით ჩავზილოთ. გამზადებული კერძი ჩავასხათ ფორმაში, გავაცივოთ და დავჭრათ.

ან

თეთრი ბოლოკი კარგად გავხეხოთ და თავის წვენში დაბალ ცეცხლზე ვხარშოთ. როცა ჩაიშლება და ფაფისებურ მასად იქცევა, ჩავუმატოთ თაფლი. ფერის მისაცემად, ოდნავ რომ „გაბრეშდეს“ (გამუქდეს), მომწვარი შაქარი დავუმატოთ, ამოვზილოთ და შევკმაზოთ ცოტა მარილითა და შავი წიწაკით. გადმოვიტანოთ გაშლილ ჭურჭელზე, გავაცივოთ და დავჭრათ ნაჭრებად.

გაზიარება