ბეშუმი — მაღალმთიანი აჭარის  კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტია. ის ალპურ ზონაში, ზღვის დონიდან 1850-2000 მ-ზე მდებარეობს, არსიანის ქედის აღმოსავლეთ ფერდობზე, ბათუმიდან 120 კმ-ში.
ბათუმიდან ბეშუმამდე მგზავრობას 4-5 საათი სჭირდება, თუმცა  აჭარისწყლის ულამაზესი ხეობა, სიმწვანეში ჩაფლული სოფლები და პანორამული ხედები გზაში მოწყენის საშუალებას არ მოგცემთ.


ბეშუმი, ძირითადად, საოჯახო კურორტია, სადაც დამსვენებლები ზაფხულობით ამოდიან. აქ განსაკუთრებით ხალხმრავლობაა აგვისტოს პირველ შაბათ-კვირას, რადგან  ამ დროს ბეშუმში ტრადიციული-სახალხო დღესასწაული ,,შუამთობა“ იმართება, ადგილობრივი რეწვის ნიმუშებისა და კულინარიული შედევრების გამოფენა-გაყიდვით, შეჯიბრებებით, ცეკვა-თამაშით და დოღით.


მთის ფერდობზე განლაგებული ხის კოტეჯები, კურორტს ავთენტურ იერსახეს უნარჩუნებს. კურორტზე ბევრი საპიკნიკე და საკარვე ადგილია, ასევე შესაძლებელია საფეხმავლო, საცხენოსნო და სათავგადასავლო ტურების მოწყობა. სათავგადასავლო ტურიზმის მოყვარულებს, ვისაც ფეხით სიარული, ლანდშაფტზე დაკვირვება და ადგილობრივთა ყოფის ახლოდან ნახვა აინტერესებს, განსაკუთრებით დააინტერესებს მსგავსი ალპური ადგილების მონახულება.

 

აქტივობები


კურორტი ბეშუმი საუკეთესო საშუალება ლაშქრობის მოყვარულთათვის, აქ შესაძლებელია ცხენებით ჯირითი, ასევე კემპინგის და პიკნიკის მოწყობა.  საუკეთესო პერიოდი აქტივობებისთვის აგვისტოს პირველი კვირაა, როცა  სოფლის დღესასწაული „შუამთობა“ იმართება.

 

სერვისები


კურორტ ბეშუმში  მოქმედებს კოტეჯები და საოჯახო სასტუმროები. კოტეჯები, ძირითადად, განთავსებულია ტყისპირას.

 

როგორ მოვხვდეთ


მიკროავტობუსი: ბეშუმი- ბათუმის მიმართულებით 09:00; 10:00; 11:00 და12:00 სთ. ფასი 15ლარი. მის.: ბათუმის ავტოსადგური, მაიაკოვსკის ქ. N 1. (მხოლოდ ზაფხულის სეზონზე)
ხულო- ბეშუმი: 09:00-დან 16:00 სთ-მდე ყოველ საათში, ფასი 6ლარი. მის.: ხულოს ავტოსადგური; ტელ. :+995 (423) 27 00 95 / 593 26 60 08
მარშრუტის შესრულება დამოკიდებულია იმაზე გაწმენდილია თუ არა გზა და ის არ შესრულდება დიდთოვლობის შემთხვევაში. შესაძლებელია კერძო (მაღალი გამავლობის, ორხიდიანი) ტრანსპორტის დაქირავება, როგორც ხულოს ცენტრიდან, ასევე ბათუმიდან და ქობულეთიდან.

გაზიარება

მსგავსი ადგილები