ბათუმის ბულვარის ნაწილი, რომელიც საოცრებათა პარკის სახელითაა ცნობილი მოიცავს, როგორც თანამედროვე არქიტექტურის ნიმუშებს, ასევე გარკვეულ სიძველეებსაც.  ამ პარკის შექმნა ძალიან მცირე დროში განხორციელდა.

ქალაქ ბათუმის კულტურული ცხოვრების თვალსაზრისისთ საოცრებათა პარკი საინტერესოდაა დატვირთული, აქ ხშირად ეწყობა კონცერტები და ფესტივალები.

საოცრებათა პარკში ტარდება საახალწლო კონცერტები. გამოფენები. ეს არის ადგილი სადაც არაერთხელ ჩატარდა ბათუმის ტურისტული სეზონის გახსნასთან დაკავშირებული ღონისძიებები. ხშირად აღინიშნება საქართველოდ დამოუკიდებლობის დღე ( 26 მაისი) სამხედრო ტექნიკის გამოფენით და სხვა აქტივობებით.

აქ მდებარეობს ანბანის კოშკი,ქართული ანბანი ეს იგივე საქართველოს გენეტიკური კოდია.

მსოფლიო 14 დამწერლობიდან ერთ-ერთი ქართულია. ეს ძალზე მნიშვნელოვანი და საამაყო ფაქტია. ქართულმა საზოგადოებამ თავისი ისტორიული განვითარების მანძილზე ქართულ ანბანს კულტურის არაერთი ნიმუში მიუძღვნა. ანბანის კოშკი ქართული ანბანისადმი მიძღვნილი ერთ-ერთი საინტერესო არქიტექტურული ნიმუშია, რომელიც ბათუმს ამშვენებს. ქართული ანბანის 33 ასობგერით გარშემორტყული 130-მეტრიანი რკინის ნაგებობა დნმ-ის უჯრედის მსგავს არქიტექტურას წარმოადგენს. მისი  ლიფტი შემინული პანორამული  კონსტრუქციაა. ანბანის კოშკის სხვენში განლაგებულია წრეზე მოძრავი რესტორანი. პროექტი ესპანელ არქიტექტორს ალბერტო დომინგოს კაბოს ეკუთვნის.

რაც შეეხება  სკულპტურა ალი და ნინოს, მეტალში განსახიერებული ეს უჩვეულო პაემნები, როგორც ცხოვრების ტრიალი სიყვარულის მარადიულ წრეზე, საოცარ ემოციებს აღვიძებს.

შეყვარებული ალი და ნინო, ყურბან საიდის ამავე სახელწოდების რომანის გმირები, შავი ზღვის სანაპიროზე მოძრავ სკულპტურაში განსხეულდნენ. რვა მეტრის სიმაღლის ნამუშევარი ცნობილ ქართველ მხატვარსა და მოქანდაკეს - თამარ კვესიტაძეს ეკუთვნის. ქალ-ვაჟის სილუეტები ერთმანეთისკენ მიდიან, ერთდებიან, ერთმანეთში იჭრებიან, შორდებიან და ისევ ერთმანეთისკენ იწყებენ სვლას.

პარკის მშვენებას წარმოადგენს შუქურა. მნიშვნელოვანია, რომ ბათუმის სანაპიროზე ნავსადგურისათვის პირველი შუქურა 1863 წელს აიგო, იგი თუჯის სვეტს წარმოადგენდა, რომელზეც დიოპტრიული ნათურა იყო დამონტაჟებული. 1882 წელს კი ძველი ნაგებობა ფრანგმა კონსტრუქტორებმა გადააკეთეს, მათ ქვის რვაწახნაგოვანი ფორმის შუქურა ააგეს და მის ზედა ნაწილზე ცილინდრული ფორმის მცირე კოშკი აღმართეს, სადაც სანათი მოწყობილობა განთავსდა. იგი 150 წელზე მეტია შავ ზღვაში შემოსულ გემებს მიმართულებას აძლევს, მისი ნათება 14 საზღვაო მილს აღწევს. შუქურის ნაგებობაში, ასევე, განთავსებულია ჰიდროგრაფიული სამსახური, სადაც სინოპტიკოსები 24 საათის განმავლობაში მორიგეობენ და აკვირდებიან მეტეო პირობებს. ბათუმის შუქურა თავისი დროის საინჟინრო ხელოვნების პროგრესულ ნიმუშს ნარმოადგენს და იგი ქალაქის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა. შუქურა უნიკალურია თავისი მონაცემებით: სიმაღლით, შუქის ფერით და წუთში ბრუნთა რიცხვით. შუქურასთან მდებარეობს იტალიელი არქიტექტორების მიერ დამონტაჟებული   პანორამული  ბორბალი ე.წ. ეშმაკის ბორბალი, საიდანაც ქალაქისა და უკიდეგანო ზღვის საოცრად შთამბეჭდავი ხედებით დატკბებით.

 „მე შენ და ბათუმი“ასე ქვია კომპოზიციას რომელიც 2012 წლიდან ამშვენებს ბათუმს, მისი ავტორი ირაკლი წულაძე გახლავთ, რომელმაც ბრინჯაოსა და ჭედურ ლითონში შესრულებული ქალისა და მამაკაცის ფიგურების გამოსახვით ყავის სმის ბათუმურ ტრადიციას  კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი.

დაკვირვება ცხადყოფს, რომ საოცრებათა პარკი ფოტოსტოპისთვის გამორჩეული ადგილია.

საკონტაქტო ინფორმაცია:
ბათუმი
გაზიარება

მსგავსი ადგილები

ევროპის მოედანი
ევროპის მოედანი

მოედნები და პარკები ბათუმი

ბათუმის ბულვარი
ბათუმის ბულვარი

მოედნები და პარკები ბათუმი

ბათუმის ცენტრალური პარკი (6 მაისის პარკი)
ბათუმის ცენტრალური პარკი (6 მაისის პარკი)

მოედნები და პარკები ბათუმი

პიაცა
პიაცა

მოედნები და პარკები ბათუმი