ბათუმის ბულვარი - ზღვისპირა გასართობი პარკი, მდებარეობს აჭარაში, ქალაქ ბათუმში. ბულვარი ქალაქის ისტორიულ ნაწილში მდებარეობს, სანაპირო ზოლის გასწვრივ. მისი სიგრძე 7 კმ-ს აღწევს.
ზღვისპირა ბულვარი ბათუმის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს. 1987 წლიდან ბულვარი საქართველოს საბაღე-საპარკო ხელოვნების ეროვნული მნიშვნელობის ძეგლია და ამასთანავე სარეკრეაციო ზონას წარმოადგენს. ბულვარის ისტორია ბათუმის ისტორიის, ქალაქური ცხოვრებისა და ტრადიციების განუყოფელი ნაწილია.
ბულვარში მრავლადაა ბუნგალოები, კაფე-ლაუნჯები, რესტორნები, მაღაზიები, საბავშვო ატრაქციონები და სხვადასხვა სახის ფერადი თუ მოცეკვავე შადრევნები. უნიკალური მცენარეებით გაშენებულ ბათუმის ბულვარში შეგხვდებათ საინტერესო სკულპტურები, არქიტექტურული მონუმენტები.
ისტორია
ბათუმის ბულვარს საუკუნეზე მეტი ხნის ისტორია აქვს. მისი მშენებლობა 1881 წლიდან დაიწყო. იდეა ეკუთვნოდა სამხედრო გუბერნატორ სმეკალოვს. რომელმაც ზღვისპირა ბულვარის გაშენება პრუსიელ მებაღეს, რესლერს დაავალა, მოგვიანებით კი ბათუმის ბულვარის დაგეგმილი მშენებლობის გაგრძელება საქართველოში მოწვეულ ფრანგ თავადს, მებაღე-დეკორატორს, მიხეილ დალფონსს დაევალა, რომელიც ისტორიულ წყაროებში მოხსენებულია როგორც “ბათუმის სანაპიროს კეთილი გენია”.
ბულვარის განვითარებაში ასევე მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის საფრანგეთში განსწავლულ ი.გორდეზიანს, რომელიც 1917 წელს დაინიშნა ქალაქის პარკის, ბულვარის და სანერგის მმართველად. 1933 წლამდე მისი ინიციატივითა და ხელმძღვანელობით განხორციელდა ქალაქის პარკისა და ბულვარის ნარგავთა თითქმის მთლიანი განახლება.
2009 წელს კი ბათუმის ბულვარის ტერიტორია საგრძნობლად გაიზარდა და თანამედროვე სტანდარტებით გაშენდა ესპანელი არქიტექტორის მიერ დაპროექტებული ე.წ. ახალი ბულვარი.
პარკი ბათუმი