ბათუმის ილია ჭავჭავაძის მუზეუმი აჭარაში, ქალაქ ბათუმში, გრიბოედოვის ქუჩის 5 ნომერში მდებარეობს. მუზეუმში წარმოდგენილია ცნობილი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის - ილია ჭავჭავაძის ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან დაკავშირებული ფოტო და დოკუმენტური მასალები, ფერწერული და სკულპტურული ნამუშევრები და ყოფისა და ეთნოგრაფიის ამსახველი ნივთები. აქ აგრეთვე ნახავთ ილიას მეგობრის, მწერლისა და ექიმის, გრიგოლ ვოლსკის ბათუმში მოღვაწეობის ამსახველ მასალასა და პირადი ნივთებს. მუზეუმში დაცულია 278 ექსპონატი. ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი მცხეთა-მთიანეთის მხარეში, საგურამოში მდებარეობს.

ილია ჭავჭავაძე (1837-1907) უმნიშვნელოვანესი ფიგურაა საქართველოს კულტურულ, საგანმანათლებლო და პოლიტიკურ ცხოვრებაში. ის იყო საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი და იღწვოდა საზოგადოების მორალური ღირებულებებისა და თვითშეგნების ამაღლებისთვის. მან დააარსა პროგრესული პერიოდული გამოცემა - „ივერია“, რომელიც სამი ათეული წლის მანძილზე საქართველოს ეროვნული, სულიერი და ინტელექტუალური ცხოვრების ერთ-ერთი ძირითადი ცენტრი იყო. ილია ჭავჭავაძე 1907 წლის 28 აგვისტოს მოკლეს. ვაჟა-ფშაველა წერდა: „ილიას მკვლელებს რომ შეეძლოთ, საქართველოს მოჰკლავდნენ”. საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ილია ჭავჭავაძე წმინდანად შერაცხა, სახელით - წმინდა ილია მართალი.

ილია ჭავჭავაძის მუზეუმი ქ. ბათუმში დაარსდა 2001 წელს. მუზეუმში თქვენ დაგხვდებათ სასიამოვნო გარემო და საინტერესო ექსპოზიცია, სადაც მიიღებთ ინფორმაციას ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობისა და მისი უდიდესი როლის შესახებ აჭარის ისტორიაში. გაეცნობით ილია ჭავჭავაძისა და სხვა საზოგადო მოღვაწეთა პირად ნივთებს, ფოტო მასალებსა და ფერწერულ ტილოებს.

მუზეუმში შესვლა უფასოა.


საკონტაქტო ინფორმაცია:
5, ა. გრიბოედოვის ქ., ბათუმი
http://ajaramuseums.ge/
(0422) 278 676 , (+995) 577 00 38 42 (+995) 599 53 86 10
chavchavadze@ajaramuseums.ge

დამატებითი ინფორმაცია:
10:00-18:00
გაზიარება