მარშრუტის დეტალები:
ხანგრძლივობა: 3 დღე
მანძილი: 70 კმ
სირთულე: მარტივი
ტიპი: სათავგადასავლო
მდებარეობა: შუახევი
მარკირებული: დიახ

მარშრუტი ორ მაღალმთიან მუნიციპალიტეტს - შუახევსა და ხულოს აკავშირებს ერთმანეთთან ისე, რომ ტურისტებს არ უწევთ ბათუმი- ახალციხის ცენტრალური მაგისტრალით მოძრაობა. მარშრუტის დიდი ნაწილი აჭარის სოფლებსა და ალპურ საძოვრებზე (იაილებზე) გადის. მარშრუტის დაწყება შეიძლება, როგორც ჩირუხის (შუახევი), ასევე გოდერძის უღელტეხილის მხრიდან.

 ალპური  მარშრუტი ჩირუხი-ხიხანი-გოდერძი იწყება ჩირუხის იაილებიდან (შუახევის მუინიციპალიტეტი), რომელიც ბათუმიდან  92 კილომეტრითაა დაშორებული. მარშრუტი მიუყვება ალპურ ზონას და  სრულდება გოდერძის მაღალმთიან უღელტეხილზე, (2025 მ. ზღვის დონიდან) ხულოს მუნიციპალიტეტში.

მარშრუტის დასაწყისშივე იშლება მთებისა და  ალპური საძოვრების პანორამული ხედები მემთეურების ხის პატარა  სახლებით, რომლებშიც ღამისთევა და წახემსებაა შესაძლებელი. აქაურ საოჯახო სასტუმროებში დარჩენა საუკეთესო საშუალებაა ადგილობრივი ტრადიციების, სამზარეულოს, მოსახლეობის ყოველდღიური ცხოვრების გასაცნობად და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების მისაღებად.

ჩირუხის იაილებზე შეგხვდებათ  ჩირუხის ტბა და ჩანჩქერი ჯინალი. მარშრუტი გრძელდება  ხულოს მუნიციპალიტეტში, სადაც ნახავთ ყარაგოლის ტბას, შუამთის ტბებსა და ალპურ მდელოებს. ხიხანის ციხის მონახულებამდე, ღამის გათევა შეგიძლიათ  მიმდებარე სოფლებში- ბაკიბაკო ან ხიხაძირი.

მარშრუტის მთავარი დანიშნულების ადგილი ხიხანის ციხეა, რომელსაც მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს აჭარის ისტორიაში. ის ზღვის დონიდან 2216 მ. სიმაღლეზე მდებარეობს. მარშრუტის გაგრძელებისას, განთავსება შეგიძლიათ ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლების- თხილვანასა და წიფლნარას მთის საძოვრებზე შეფენილ სეზონურ სახლებში.

მარშრუტი სრულდება გოდერძის უღელტეხილზე (ზღვის დონიდან 2025 მ.), სადაც შეგიძლიათ ნახოთ მწვანე ტბა და გოდერძის ალპური ბაღი.

 

მარშრუტის აღწერა გოდერძის უღელტეხილიდან

იგივე მარშრუტზე მოგზაურობა შესაძლოა  გოდერძის უღელტეხილიდან დაიწყოთ, რომელიც ბათუმიდან 115 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. მარშუტის დაწყებამდე კი  მწვანე ტბასა და გოდერძის ალპურ ბაღსაც მოინახულებთ.

ხიხანის ციხეზე ასვლამდე,  შუამთის ტბები შეგხვდებათ, ღამით კი ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლებში -თხილვანა, წიფლნარა, ბაკიბაკო და ხიხაძირი შეგიძლიათ დარჩენა. მარშრუტის გაგრძელებისას, მცირე ტბებსაც შეხვდებით, ხულოს მუნიციპალიტეტში- ტბა ყარაგოლი, ხოლო შუახევის მუნიციპალიტეტში - ჩირუხის ტბა.

მარშრუტი სრულდება ალპურ საძოვრებზე - ჩირუხის იაილებზე, საიდანაც  იშლება პანორამული ხედები პატარა ხის სახლებით, რომლებშიც ღამისთევა და წახემსებაა შესაძლებელი. აქვე ნახავთ ჯინალის ჩანჩქერს.

ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალისკენ მიმავალ გზაზე, მარეთის ხეობის გავლით, შეგიძლიათ დარჩეთ სოფელ დარჩიძეებისა და პაპოშვილების საოჯახო სასტუმროებში. სოფელ დარჩიძეებში  მოინახულებთ XI-XIII საუკუნეების დარჩიძეების ციხეს, ახალაშენებულ ეკლესიას, სოფელ ოლადაურში ეთნოგრაფიულ მუზეუმს, მარშრუტის ბოლოს კი ოქროპილაურის ციხეს (XI-XIII).

 

ტრანსპორტი

მარშრუტზე სასურველია იმოგზაუროთ მაღალი გამავლობის ავტომანქანით 4×4, ან ისარგებლოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, რომელიც  ბათუმის ძველი ავტოსადგურიდან გადის (მის: მაიაკოვსკის №1)  სოფელი პაპოშვილებისა დარჩიძეების მიმართულებით; ღამე დარჩებით სოფელ პაპოშვილებში ან დარჩიძეებში მდებარე საოჯახო სასტუმრო სახლებში. ადგილზე დაიქირავებთ მაღალი გამავლობის ტრანსპორტს ან თუ ფიზიკურად კარგად ხართ მომზადებული, გზას გააგრძელებთ ფეხით, სურვილის შემთხვევაში კი ველოსიპედით.

ავტობუსი ბათუმი-შუახევი გადის ყოველდღიურად, 07:50-18:50, ყოველ ნახევარ საათში, ფასი 4- ლარი.

სამარშრუტო მიკროავტობუსი  ბათუმი- დარჩიძეები მოძრაობს კვირაში ორჯერ: სამშაბათი, პარასკევი 14:00, ფასი  6 ლარი.

ივლისიდან სექტემბრის შუა რიცხვებამდე, დაბა შუახევიდან თეთრობისა და ჩირუხის მთების მიმართულებით, კვირაში ერთხელ,  წინასწარ დადგენილი გრაფიკის მიხედვით,  სამარშრუტო მიკროავტობუსი დადის. მგზავრობა უფასოა.

 

რეკომენდაციები:

წყალი შეგიძლიათ მოიმარაგოთ სოფლებში და იაილებში;

თუ თქვენ ავტომობილით გამგზავრებას გადაწყვეტთ, საჭიროა გამოცდილი მძღოლი და მანქანა 4X4;

ამინდი მთებში ხშირად იცვლება და განსაკუთრებით ხშირია უეცარი ნისლის ჩამოწოლა.

ტრანსპორტისა და გიდების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად  შესაძლებელია დაუკავშირდეთ ტურისტულ საინფორმაციო ცენტრებს შემდეგ ტელეფონის ნომრებზე:

+995 577 90 90 93/ +995 577 90 90 15

ან ადგილობრივ ტურისტულ სააგენტოებს, რომელთა კონტაქტებიც შეგიძლიათ იხილოთ ვებ- გვერდზე:  www.visitajara.com

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური 112 (ემერჯენსი)

გაზიარება

რას ვნახავ მარშრუტზე?

ოქროპილაურის ციხე
ოქროპილაურის ციხე

ციხეები შუახევი

დარჩიძეების ციხე
დარჩიძეების ციხე

ციხეები შუახევი

მწვანე ტბა
მწვანე ტბა

ტბები ხულო

ხიხანის ციხე
ხიხანის ციხე

ციხეები ხულო

განთავსება მარშრუტზე

მარეთი
მარეთი

საოჯახო სასტუმრო შუახევი

ლუკა
ლუკა

საოჯახო სასტუმრო გოდერძი

მეტეო
მეტეო

სასტუმრო გოდერძი