მარშრუტის დეტალები:
ხანგრძლივობა: 1 დღე
მანძილი: 40 კმ
სირთულე: საშუალო
ტიპი: სათავგადასავლო
მდებარეობა: შუახევი
მარკირებული: არა

მარშრუტი ჭვანას ხეობაში სოფელი ბრილიდან იწყება, რომელიც შუახევის ცენტრიდან 20 კმ.-ით არის დაშორებული. სოფელი გამორჩეულია ბუნებით, ხედებით, ულამაზესი ტყითა და საფეხმავლო ბილიკებით. ბრილში ძირითადად პატარა, ხის სახლები დგას, რაც მას ავთენტურ იერს უნარჩუნებს. აქვე მდებარე საოჯახო სასტუმრო სახლებში შეგიძლიათ დაისვენოთ და წაიხემსოთ, სურვილის შემთხვევაში ღამეც გაათიოთ.

სოფელი ბრილი ერთადერთი ადგილია რეგიონში, სადაც თიხა მოიპოვება. დაინტერესებულ პირებს შეუძლით თიხის კარიერისა და საწარმოს დათვალიერება. ბრილიდან მარშრუტი მიემართება სოფელი ინწკირვეთისკენ, სადაც მიწიდან 65 მ. სიმაღლეზე მდებარეობს რკინის ხიდი ხეობაზე გადასახედით. სოფლიდან უკან დაბრუნებულები გრუნტოვანი გზით ადიხართ ნაღვარევში და ლელთის ტბაზე.

სიმწვანეში ჩაფლული  ლელთის ტბის  ირგვლივ გვირილების მინდორი და საპიკნიკე ადგილებია. ტბაზე შეგიძლიათ ტივით გაისეირნოთ, სადაც კავკასიური ტრიტონი ბინადრობს. ცნობილია, რომ ამ ტბაში, წყალი ყოველთვის ერთ დონეზეა.

ლელთის ტბიდან ჩადიხართ სოფელ ხაბელაშვილებში, სადაც მოინახულებთ სამსაუკუნოვან ხის თაღოვან ხიდს,  რომელიც გამორჩეულია თავისი ავთენტურობით, არქიტექტურით, გამოყენებული მასალით და გადახურვის ტექნოლოგიით. ხიდი სიმწვანეშია ჩაფლული და მნახველზე ყოველთვის განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ახდენს. ჭვანის ხეობაში აგრეთვე მოინახულებთ ოთოლთას ციხეს (XI-XIII სს.)

გაზიარება

მსგავსი მარშრუტები