გოდერძის ალპური ბოტანიკური ბაღის მშენებლობა, რომელიც ბათუმის ბოტანიკური ბაღის ნაწილია, 2016 წელს დაიწყო. ალპური ბაღი მაღალმთიან აჭარაში, ხულოს მუნიციპალიტეტში მდებარეობს, ბათუმიდან 112 კილომეტრში, ზღვის დონიდან კი 1859-1960 მ სიმაღლეზე. ბაღის ფართობი 96 344 კვ.მ-ია. ვიზიტისთვის სასურველი პერიოდია 15 მაისი—15 ოქტომბერი.
გოდერძის ალპური ბოტანიკური ბაღის ძირითად დანიშნულება კავკასიის ეკორეგიონის მაღალმთიანეთში გავრცელებულ მცენარეთა კოლექციის თავმოყრა და სუბალპური ტყის ზოლის აღდგენაა. ვიზიტორს შეუძლია ნახოს ბუნებრივად მოზარდი სუბალპური და ალპური ზონისთვის დამახასიათებელი მცენარეულობა და მცენარეთა ჰაბიტატების, კერძოდ, ტყის, ჭაობის, მდელოს, ტბის და მშრალი ეკოტიპის მრავალფეროვნება. ამჟამად ბაღის ტერიტორიაზე აღრიცხულია ველური ფლორის 50 ოჯახის, 111 გვარის, 170 სახეობა.
ალპური ბოტანიკური ბაღი დაყოფილია ზონებად: წიფლნარი—რომელიც ბუნებრივად გვხვდება გოდერძის ალპურ ბაღში და, რომლის ბუნებრივი სახით შენარჩუნება ბაღის მშენებლობის დაწყებასთან ერთად დაიგეგმა; ალპინარიუმი—ე.წ. ქვის ბაღი, ალპური ბაღების ძირითადი ელემენტია, რომელიც ქვების ისე მოწყობას გულისხმობს, რომ ახლოს იყოს ბუნებრივ გარემოსთან, შემდგომში მასში მცენარეების დარგვის მიზნით. ალპინარიუმში თავმოყრილი იქნება საქართველოს და კავკასიის მაღალმთიანეთის მშრალი ეკოტიპის მოყვარული მცენარეები; ბუნებრივი ტბა—რომელიც წყაროს წყლით საზრდოობს; ჭაობის ნაკვეთი—ბაღში წარმოდგენილია ბუნებრივი სახით. რეკრეაციული ზონა—მოიცავს ბაღის ტერიტორიის 25 %-ს, სადაც შესაძლოა დროის გატარება სუფთა, მოწესრიგებულ, ბუნების ულამაზესი პეიზაჟებით გარშემორტყმულ გარემოში; წყარო და საპიკნიკე ზონა—მოიცავს როგორც ღია და დახურულ ფანჩატურებს, ისე ბუნებრივ წყაროს; კემპინგის კეთილმოწყობილი ზონა—წარმოდგენილია ყველა საჭირო სერვისის უზრუნველყოფით (აქ შესაძლებელია კარვის გაშლა, ცეცხლის დანთება, სპეციალურად მოწყობილ საცეცხლურში და სხვა). რაც შეეხება პანორამას, ის მაღალმთიანი აჭარისთვის დამახასიათებელი საზაფხულო იალაღებით, მდინარით და ტიპური მთის სახლებით აღაფრთოვანებს მნახველს.