ქობულეთის დაცული ტერიტორია

ისპანის სფაგნუმიანი ტორფნარები ბათუმიდან 28 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. ისპანის უნიკალური ჭაობი მსოფლიოში ერთადერთი მფილტრავი სფაგნუმური ჭაობია, რომელიც 1997 წლიდან ისპანი II რამსარის კონვენციის საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ჭარბტენიანი ტერიტორიაა. ტორფნარი ინახავს მნიშვნელოვან არქეოლოგიურ ღირსშესანიშნაობებსა და  ნამოსახლარებს, რომლებიც ჩვენ ერამდე IV - III საუკუნეებით თარიღდება.

მსოფლიოში ყველაზე ხელუხლებელი, ცოცხალი სფაგნუმიანი ტორფნარი სანაპიროდან სულ რაღაც სამას მეტრში შეგიძლიათ იხილოთ. ის თითქოს ტბაა ნიადაგის ზედაპირის ზემოთ, რომელსაც საბანივით ახურავს 25-45 სმ სისქის სფაგნუმი, რომელიც არასოდეს იფარება წყლით. წყალი სფაგნუმთან ერთად ქმნის სრულიად გლუვ გუმბათს.

ისპანის ტორფნარი ჟანგბადის ამოუწურავი წყაროა და უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ნახშირბადის წარმოქმნის ციკლში. ისპანის ტორფნარი ქობულეთს წყალდიდობისგან იცავს. სფაგნუმის ხავსი ღრუბელივით ისრუტავს წყალს, რის გამოც თავის მოცულობასთან შედარებით გაცილებით დიდი რაოდენობის წყლის დატევა შეუძლია.

 

 

ტორფნარში გასეირნება, ფრინველებზე დაკვირვება, ეკო მასტერკლასი.

ქობულეთის დაცულ ტერიტორიაზე მოწყობილია ბილიკები და ვიზიტორებს საშუალება აქვთ განახორციელონ საგანმანათლებლო თუ სამეცნიერო ტურები. აქვე შესაძლებელია ჭაობის თხილამურების დაქირავება და სფაგნუმიან ტორფნარზე გასეირნება.

კვება: ადგილზე არ არის კვების ობიექტი. რეკომენდირებულია საკვების თან წაღება, ან ქობულეთში არსებულ კვების ობიექტებში წახემსება.

განთავსება: განთავსების ობიექტები დაცულ ტერიტორიაზე არ არის. ღამისთევა შესაძლებელია დაცულ ტერიტორიასთან მდებარე საოჯახო სასტუმრო სახლებში.

ქობულეთის დაცული ტერიტორიის სერვისებთან დაკავშირებული ყველა სხვა საჭირო ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ დაცული ტერიტორიების ოფიციალურ ვებ-გვერდზე: Info@apa.gov.ge

ან  დარეკოთ ნომერზე: +995 577 10 18 97


სხვა დაცული ტერიტორიები