მაჭახელას ეროვნული პარკი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, მაჭახლისწყლის ხეობაში მდებარეობს, ზღვის დონიდან 300-350 მეტრ სიმაღლეზე, ბათუმიდან 30 კმ-ის დაშორებით.
მაჭახელას ეროვნული პარკი 2012 წელს შეიქმნა. მისი მთლიანი ტერიტორია 8733 ჰექტარია და მოიცავს წაბლის, წიფლის, რცხილის და მურყნის ტყეებს. აქვე გვხვდება ხეების ისეთი იშვიათი და რელიქტური სახეობები, როგორიცაა კოლხური ბზა, წაბლი, კოლხური თხილი, ქართული კაკალი, უნგერის შქერი, უთხოვარი, თელა და სხვ.
მაჭახელას ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ასევე შეხვდებით უძველესი ციხესიმაგრეების ნანგრევებს, თაღოვან ხიდებს, ქვითკირით ნაშენ ღვინის საწნახლებსა და მარნებს.
პარკში ფუნქციონირებს სამანქანო გზასთან ინტეგრირებული ორი საფეხმავლო ბილიკი: „მთავარანგელოზის“ და “ქოქოლეთის“. თითოეული მათგანი განსაკუთრებულია. მაჭახელას ხეობის თვალწარმტაცი ტყეები, ჩანჩქერები და ბუნების მშვენიერი ხედები აუცილებლად დაგამახსოვრებთ თავს.
მთავარანგელოზის ბილიკი
(ბილიკის სიგრძე — 9 კმ; ხანგრძლივობა — 4სთ)
მარშრუტი:
სამანქანო მარშრუტი (5 კმ) იწყება სოფ. სინდიეთიდან, ვიზიტორთა ცენტრთან მისვლამდე და მთავრდება სოფლის ბოლო მოსახლის ეზოსთან.
მთავარანგელოზის მთაზე მოხვედრა ასევე შესაძლებელია მაჭახელას ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრიდან (სოფ. აჭარისაღმართი) 6,6 კმ სამანქანო გზის საშუალებით, რომელიც მას მთავარანგელოზის მთასთან აკავშირებს. მთავარანგელოზის სახელობის მთიდან ულამაზესი ხედი იშლება ბათუმსა და მაჭახელას ხეობაზე.
დაძლევის დონე:
საშუალო
ქოქოლეთის ბილიკი
(ბილიკის სიგრძე — 15კმ; ხანგრძლივობა — 6სთ)
მარშრუტი:
სამანქანო მარშრუტი ვიზიტორთა ცენტრიდან იწყება, სოფ. ქოქოლეთის ბოლო მოსახლის კარ-მიდამოსთან (9 კმ) ადის და საფეხმავლო ბილიკით კოლხური ტიპის ტყეში (6 კმ) გრძელდება.
ღირსშესანიშნაობა:
ქოქოლეთი, პანორამული გადასახედი, საიდანაც მოჩანს თურქეთის დაცული ტერიტორია „ჯამილის ბიოსფერული რეზერვატი“ და ისტორიული „ზედა მაჭახელას“ 6 სოფელი.
დაძლევის დონე:
საშუალო
შენიშვნა
ქოქოლეთის ბილიკი გაივლის სასაზღვრო ზოლთან და საშვის ასაღებად აუცილებელია მაჭახელას ეროვნული პარკის ადმინისტრაციასთან შეთანხმება 5 სამუშაო დღით ადრე. მაჭახელას ეროვნულ პარკში აქტიური ტურისტული სეზონი გრძელდება მაისიდან-ოქტომბრამდე.
მარშრუტზე გადაადგილებისას ვიზიტორებს ეკრძალებათ:
ცეცხლსასროლი იარაღის ან ნებისმიერი ისეთი ნივთის ტერიტორიაზე შეტანა, რომელიც საფრთხეს შეუქმნის გარემოს;
ტერიტორიაზე შინაური ცხოველების შეყვანა;
მცენარეების ან მისი ცალკეული ნაწილების, ქანების ან ნამარხი მასალების შეხება;
ფაუნის ნებისმიერი წარმომადგენლის დაჭერა, გამოდევნა ან რამე ზიანის მიყენება;
ინფრასტრუქტურის დაზიანება, კერძოდ, ვანდალიზმი;
სპეციალური ნებართვის გარეშე ბუნებრივი და კულტურული მასალების შეგროვება;
საქართველოსთვის უცხო ორგანიზმების შეყვანა და გავრცელება;
შეზღუდული ხედვის პირობებში (ნისლი, მაღალი ბუჩქნარი ან ბალახები) სწრაფი გადაადგილება;
ცეცხლის დანთება (სპეციალურად გამოყოფილი ადგილის გარდა).
მარშრუტზე გადაადგილებისას ვიზიტორთათვის დაშვებულია:
მონიშნულ ბილიკზე ფეხით და მანქანით გადაადგილება;
სამეცნიერო-საგანმანათლებლო საქმიანობა;
საპიკნიკე და საკარვე ადგილებით სარგებლობა;
კოცონის დანთება სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში;
ფლორასა და ფაუნაზე დაკვირვება;
ფოტო-ვიდეო გადაღება.
მაჭახელას ხეობა მდინარის ნაპირს მიუყვება, სადაც ბევრი საპიკნიკე და მოსასვენებელი სივრცეა. აქვე რამდენიმე საოჯახო სასტუმროცაა, სადაც ავთენტიკურ გარემოში დაისვენებთ, გაეცნობით ადგილობრივების ყოველდღიურ ყოფას, სურვილისამებრ გაათევთ ღამეს და ტრადიციულ კერძებსაც დააგემოვნებთ.
დამატებითი ინფორმაცია:
ვიზიტორთა მომსახურების ცენტრი
(+995) 595 08 60 75