ქობულეთის დაცული ტერიტორია სრულიად განსხვავებულ გარემოს წარმოადგენს. ის, აჭარაში, ქობულეთის ზღვისპირა პარკის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილშია გაშენებული, ქობულეთის ზღვის სანაპიროდან 2 კმ-ში.
ქობულეთის დაცული ტერიტორია მოიცავს მდინარე „შავი ღელეს“ მარცხენა და მარჯვენა ნაპირებზე მდებარე ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალს და აღკვეთილს.
ეს ნაკრძალი 1998 წელს შეიქმნა წყლის ფრინველთა საცხოვრებელ ადგილად და მათი უნიკალური ჯიშების დასაცავად. ნაკრძალის ტერიტორია გამოირჩევა ფრინველთა მრავალფეროვნებით და მნიშვნელოვანი ადგილია გადამფრენი, მობუდარი და მოზამთრე წყლის ფრინველთა სახეობების განვითარებისთვის.
ისპანის ჭაობი სახელმწიფო ნაკრძალია, რომელიც საერთაშორისო მნიშვნელობისაა და ბიომრავალფეროვნების კუთხით მსოფლიოს უმნიშვნელოვანეს ტორფნარს წარმოადგენს. ჭარბტენიანი ეკოსისტემების, უძველესი ტყეებისა და ნაკრძალის ფარგლებში ნაპოვნი ბიომრავალფეროვნების გამო, 2021 წელს, ქობულეთის დაცული ტერიტორია იუნესკოს (UNESCO) მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სიაში შეიტანეს, - როგორც კოლხეთის ტროპიკული ტყეებისა და ჭაობების ნაწილი.
რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ისტორიაში პირველად, UNESCO-ს ბუნებრივი მემკვიდრეობის ნუსხაში მისი 4 დაცული ტერიტორია შევიდა.
ქობულეთის დაცული ტერიტორია, რომლის ფართობი 770 ჰექტარია, ორ მთავარ ზონას მოიცავს: ისპანი 2 - სფაგნუმიანი ტორფნარი ანუ სახელმწიფო ნაკრძალი და ისპანი 1 ტორფნარი - აღკვეთილი. სწორედ ისპანი 2 ნაკრძალი წარმოადგენს UNESCO-ს ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ლოკაციას, ხოლო ისპანი 1 ბუფერულ ზონად განიხილება, სადაც საგანმანათლებლო და სამეცნიერო ტურები ტარდება. ვიზიტორებს შეუძლიათ ჭაობის თხილამურების დაქირავება და სფაგნუმიან ტორფნარზე გასეირნება. მისი ფართობი დაახლოებით ერთი ჰექტარია.
ქობულეთის დაცულ ტერიტორიაზე სამი მარტივი საფეხმავლო მარშრუტია: „ისპანი 2“, „თეთრი ხავსი“ და „დროზერა“. საფეხმავლო მარშრუტზე, ფრინველებზე დაკვირვებისა და საგანმანათლებლო-სამეცნიერო ტურების დროს, შეხვდებით ყვითელ და თეთრ დუმფარებს, თეთრი ხავსის ოთხმეტრიან გუმბათებს, ასევე, შესაძლოა მწერიჭამია დროზერასა და ჭაობის კუსაც მოკრათ თვალი.
ნაკრძალი განსაკუთრებით პოპულარობით სარგებლობს ფრინველებზე დაკვირვების მოყვარულებში. გადამფრენი ფრინველების მიგრაციის დროს, შეგიძლიათ ჭოგრიტები დაიქირაოთ და ბუნების ულამაზესი სანახაობით დატკბეთ.
ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, 2021 წელს საფუძველი ჩაეყარა პროექტს, რომელიც ითვალისწინებს გარემოსთან ადაპტირებული საფეხმავლო ბილიკების, გადმოსახედი კოშკურის, მოსასვენებელი კოტეჯის, ავტოპარკინგისა და ვიზიტორთა ცენტრის მოწყობას. პროექტის ერთი ნაწილი, კერძოდ, ბილიკის მშენებლობა დასრულებულია, მიმდინარეობს სათვალთვალო კოშკის მშენებლობა.
ქობულეთის ტორფნარებზე გარემოსთან ადაპტირებული საფეხმავლო ბილიკის სიგრძე 700 მეტრს აღწევს. ეს ბილიკი საშუალებას გაძლევთ დატკბეთ უნიკალური ეკოსისტემით და ხედებით.
ეროვნული პარკები და ბაღები ქობულეთი
ეროვნული პარკები და ბაღები ქობულეთი