მარშრუტი აქტიურია გვიანი გაზაფხულიდან ოქტომბრის დასაწყისამდე
მარშრუტი აჭარის ორ მუნიციპალიტეტს- შუახევსა და ხულოს აკავშირებს ერთმანეთთან და მისი ძირითადი ნაწილი არა ბათუმი-ახალციხის ცენტალურ მაგისტრალზე, არამედ აჭარის სოფლებსა და ალპურ საძოვრებზე (იაილებზე) გადის.
ჩირუხისკენ მიმავალ გზაზე სოფელ დარჩიძეებში შეგიძლიათ მოინახულოთ XI-XIII საუკუნეების დარჩიძეების ციხე, სოფელ ოლადაურში ეთნოგრაფიულ მუზეუმი, ასევე ოქროპილაურის ციხე (XI-XIII).
ჩირუხი -შუამთის ტბების მარშრუტი იწყება ჩირუხის მთებთან ახლოს, (შუახევის მუნიციპალიტეტი), რომელიც ბათუმიდან 92 კილომეტრითაა დაშორებული, მიუყვება ალპურ ზონაში მდებარე მთის იაილებს და ულამაზეს შუამთის ტბებთან სრულდება.
მარშრუტის დასაწყისშივე იშლება ალპური საძოვრების პანორამული ხედები პატარა ხის სახლებით, სადაც შესაძლებელია ღამისთევა და წახემსება. აქაურ საოჯახო სასტუმროებსა და იაილებში დარჩენა საუკეთესო საშუალებაა ადგილობრივი ტრადიციების, სამზარეულოს, მოსახლეობის ყოველდღიური ცხოვრების გასაცნობად და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების მისაღებად.
მთა ჩირუხზე დაგხვდებათ ახალგაკეთებული საპიკნიკე სივრცე, სადაც გრძელ მარშრუტზე მიმავალ ტურისტების ჯგუფს შეუძლია შეისვენოს. აქვე მოწყობილია მწვადის შესაწვავი ზონა, ლანჩისთვის მაგიდა და სკამები, სრული დასვენებისთვის კი ჰამაკები და საქანელაც თქვენს განკარგულებაშია. საპიკნიკე ღამითაც განათებულია.
ჩირუხთან ძალიან ახლოს, 2 კმ.-ში მდებარეობს შრატიანის ტბა, საიდანაც 5 კმ.-ში გვხვდება სარიჩაირის იაილები და ყარაგოლის ტბა, რასაც მოჰყვება ბაკოს იაილები, გადავდივართ სოფელ ბაკი-ბაკოში და მთისუბანში. (აქედან შესაძლებელია გადახვიდეთ ხიხანის ხეობაში და თუ ღამით ხიხაძირში მდებარე რომელიმე საოჯახო სახლში დარჩებით, ხიხანის ციხესაც მოინახულებთ, რომელიც საქართველოს უმნიშვნელოვანესი ისტორიული ძეგლია- უდიდესი წარსულითა და უმშვენიერესი ხედებით,) ჩვენი ერთდღიანი ტურის შემთხვევაში, გზას ქვედა თხილვანადან ვაგრძელებთ გოდერძის უღელტეხილისკენ. მარშრუტი ისევ იაილებს მიუყვება, შუამთის იაილებში სამი ტბა მდებარეობს.
ჩირუხიდან 33 კმ.-ში მდებარე შუამთის ტბები ჩვენი დანიშნულების ბოლო წერტილია. იაილები, სადაც ეს ულამაზესი და იდუმალი ტბებია განლაგებული, გვიანი გაზაფხულიდან ადრიან შემოდგომამდე ადგილობრივი მოსახლეობის ჟრიამულით ივსება, რომლებიც მთელი ოჯახით და შინაური პირუტყვით აქ, ხის პატარა სახლებში ბინადრობენ.
სასურველია უკან ისევ ქვედა თხილვანას მხრიდან დავბრუნდეთ, რადგან, ხიხანის მხრიდან ჩამოსვლის შემთხვევაში, სასაზღვრო ზოლთან ჩაივლით და ამ შემთხვევაში, სპეციალური საშვი ან ნებართვა იქნება საჭირო.
ტრანსპორტი
მარშრუტზე სასურველია იმოგზაუროთ მაღალი გამავლობის ავტომანქანით 4×4, ან ისარგებლოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, რომელიც ბათუმის ძველი ავტოსადგურიდან გადის (მის: მაიაკოვსკის №1) სოფელი პაპოშვილებისა და დარჩიძეების მიმართულებით; ღამე დარჩებით სოფელ პაპოშვილებში ან დარჩიძეებში მდებარე საოჯახო სასტუმრო სახლებში. ადგილზე დაიქირავებთ მაღალი გამავლობის ტრანსპორტს ან გზას გააგრძელებთ ფეხით, სურვილის შემთხვევაში ველოსიპედით.
ავტობუსი ბათუმი-შუახევი გადის ყოველდღიურად, 07:50-18:50, ყოველ ნახევარ საათში, ფასი 4- ლარი.
სამარშრუტო მიკროავტობუსი ბათუმი- დარჩიძეები მოძრაობს კვირაში ორჯერ:სამშაბათი, პარასკევი, 14:00, ფასი 6 ლარი.
ივლისიდან სექტემბრის შუა რიცხვებამდე, დაბა შუახევიდან თეთრობისა და ჩირუხის მთების მიმართულებით, კვირაში ერთხელ, წინასწარ დადგენილი გრაფიკის მიხედვით, სამარშრუტო მიკროავტობუსი დადის. მგზავრობა უფასოა.
ტრანსპორტისა და გიდების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, დაუკავშირდით ტურისტულ საინფორმაციო ცენტრებს, შემდეგ ტელეფონის ნომრებზე: +995 577 90 90 91 / +995 577 90 90 93
ან ადგილობრივ ტურისტულ სააგენტოებს, რომელთა კონტაქტებიც შეგიძლიათ იხილოთ ვებ- გვერდზე https://infoajara.com/
სათავგადასავლო ხულო
სათავგადასავლო ხულო
სათავგადასავლო ხულო
სათავგადასავლო ხულო