მარშრუტის დეტალები:
ხანგრძლივობა: 1 დღე
მანძილი: 425 კმ
ტიპი: სათავგადასავლო
მდებარეობა: ხულო
მარკირებული: არა

მარშრუტზე მგზავრობისას, ყველანაირ ამინდში რეკომენდებულია, რომ მძღოლს ჰქონდეს რთულ რელიეფსა და მეტეო პირობებში გადაადგილების გამოცდილება. გზის გარკვეული მონაკვეთი, რომლებიც  მინდვრებზე, ფერდებზე და ტყეში გადის, მოცურების რეალურ საფრთხეს წარმოადგენს წვიმისას და ნაწვიმარზე.

ველოსიპედით მოგზაურობის შემთხვევაში, ტრანსპორტი მთასა და რთულ რელიეფზე გადაადგილებისთვის განკუთვნილი უნდა იყოს.

 

მარშრუტის დახასიათება:

მარშრუტი იწყება გოდერძის უღელტეხილზე(2025 მ ზღვ.დ.), რომლის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულია სამი სასტუმრო: „არსიანი“, „მეტეო“ და „მათეს ქოხი“. უღელტეხილი გზაგასაყარს წარმოადგენს: აღმოსავლეთით, გზა ახალციხის მიმართულებით მიემართება, დასავლეთით- ბათუმისკენ, სამხრეთით-სოფ. ქვედა თხილვანასკენ, სამხრეთ-აღმოსავლეთით  კი კურორტი ბეშუმისკენ.

მარშრუტი ჩრდილოეთის მიმართულებით ბეტონის გზას მიუყვება და 6,3 კმ-ის შემდეგ  მწვანე ტბასთან მიდის. ტბა საინტერესო ადგილია დასათვალიერებლად, დასასვენებლად თუ გასაგრილებლად. ახლო-მახლო მიდამოებში შესანიშნავი ადგილებია პიკნიკის მოსაწყობად. აქვე შესაძლებელია ადგილობრივი ჯანსაღი პროდუქტის დაგემოვნება და ხელნაკეთი ნივთების შეძენა.

მწვანე ტბიდან მარშრუტი მიუყვება მიწის გზას, ორი კილომეტრის შემდეგ  დიდაჭარის საზაფხულო სადგომებს გაივლის და ალმას იაილებში მიდის. ალმადან მარშრუტი დიდი სიმაღლის მკვეთრი აღებით, მიუყვება ქვიან მიწის გზას და 2440 მეტრ სიმაღლეზე ადის ქედის თხემურ ნაწილზე, საიდანაც ულამაზესი ხედები იშლება ყველა მიმართულებით. მოგზაურებს შეუძლიათ გაისეირნონ მიმდებარე ტერიტორიებზე. დაახლოებით 1,5 კმ-ში მდებარეობს მთა „ჭანჭახი“(2506მ). ქედიდან გზა  დაღმა ეშვება და  სამხრეთიდან კვალიმინდვრის და კუნტულეთის იაილებს ჩაუვლის  და  ნათელათის იაილამდე მიდის.  ზაფხულობით ამ ადგილებში მემთეურები ამოდიან, შესაბამისად, მოგზაურებს პროდუქტის, წყლის, დასვენების ან საჭირო დახმარების მიღების საშუალება ყოველთვის ექნებათ.

ნათელათიდან მარშრუტი დაბლა ეშვება,  ტყეში შედის და ჩადის ადგილამდე, რომელსაც ჩუდუროულს ეძახიან და ამავე სახელწოდების მდინარის ხეობაში მდებარეობს. ჩუდუროული  გაშლილ ჭალას წარმოადგენს. იქვე, მიმდებარედ,  ორი იაილაა- ნასოფლარი და გორა, სადაც, სურვილის შემთხვევაში, მოგზაურებს შეუძლიათ ღამე გაათიონ, ისევე როგორც კარვებში- მდინარის პირას ან მინდორზე. უნალექო და თბილი ამინდის პირობებში, ღამისთევა ღია ცის ქვეშაც შესაძლებელია, კოცონთან.

ადგილი ჩუდუროული მნიშვნელოვანი საკვანძო ადგილია, საიდანაც სხვადასხვა მიმართულებით შეიძლება წასვლა. აქ დღესასწაულებზე სხვადასხვა სოფლებიდან და რეგიონებიდან ხდება ხალხის შეკრება. ასევე იმართება სხვადასხვა ღონისძიება თუ დოღი.

ჩუდუროულიდან, მარშრუტი გრუნტის გზით  მიემართება  სოფელი მინდაძეებისკენ და  ხულო-ღორჯომის გზას უერთდება, ღორჯომიდან ერთ და ხულოდან ცამეტ კილომეტრში.

მარშრუტის გავლა სოფ. მინდაძეებიდან გოდერძის უღელტეხილის მამართულებითაცაა შესაძლებელი, მაგრამ მოგზაურმა უნდა გაითვალისწინოს, რომ აქეთ აღმართები მეტია და უამინდობის პირობებში, გზა გაცილებით რთულად სავალია.

გაზიარება