ღორჯომის ხეობა - მთა ლეკნარი - კურორტი ბახმარო

მარშრუტის დეტალები:
ხანგრძლივობა: 2 დღე
მანძილი: 95 კმ
სირთულე: საშუალო
ტიპი: სათავგადასავლო
მდებარეობა: ხულო
მარკირებული: დიახ

ღორჯომის ხეობა ხულოს ცენტრიდან დაახლოებით 12 კმ.-ში მდებარეობს და უძველესი ტრადიციებით და შენარჩუნებული ავთენტურობით გამოირჩევა. ხეობაში 18 სოფელი შედის და 1470 მოსახლეს მოიცავს. ეს სოფლებია: ვანაძეები, ვაშაყმაძეები, მეკეიძიები, მეხალაშვილები, ადაძეები, გორგაძეები, მინთაძეები, ღორჯომი, ახალი უბანი, ტუნაძეები, ქურდული, ლაბაიძეები, მერჩხეთი, სტეფანაშვილები, წინწკალაშვილები, ჭახაური, დავლაძეები, ცეცხლაძეები.  ღორჯომის ხეობაში აგრეთვე არის დიდაჭარის, საციხურისა და აგარის თემები. ღორჯომის სოფლები  ცნობილია, როგორც მიწათმოქმედებით, ასევე პირუტყვის სიმრავლით, დიდი რაოდენობით ჰყავთ ცხენებიც, რაც დამატებით მიმზიდველობას წარმოადგენს სათავგდასავლო ტურიზმის მოყვარულთათვის. ხეობაში დღემდე მრავლად ვხვდებით ძველი წესით ნაშენებ ხის ოდებს. ტურისტულად საინტერესო ობიექტებს შორის  აღსანიშნავია სოფლის ცენტრში მოქმედი ხის მეჩეთი და კასკადოვანი ჩანჩქერები.


მარშრუტის აღწერა:

ღორჯომის ხეობა საკმაოდ მჭიდროდ დასახლებულია. სოფლის ცენტრში ნახავთ საქართველოში უდიდეს ხუთგუმბათიან ხის  მეჩეთს. აქედან დაახლოებით 450 მეტრში გვხვდება გზაგასაყარი, საიდანაც პირდაპირ გაგრძელების შემთხვევაში გზა ბახმაროსთან ადის, ასევე მიდის ჩანჩქერების სათავესთან, ხოლო თუ მარჯვნივ მოვუხვევთ,  დავლაძეების უბანში შევალთ და საკემპინგე მდელოზე  და ჩანჩქერებთან  მოვხვდებით. კასკადოვანი ჩანჩქერების პირველი ვარდნილის სიმაღლე არის 12 მ. და 500 სმ., მეორე ვარდნილის - 14 მ., მესამე- 16 მ., ხოლო მეოთხეს სიმაღლეა 19 მ. გორაკის ძირში, მდინარის პირას არის ვრცელი, მოსწორებული მდელო, რომელიც  შეიძლება საკემპინგეთ გამოვიყენოთ. გზა ბახმარომდე მთლიანად გრუნტიანია და გადაადგილება მხოლოდ მაღალი გამავლობის მანქანებისთვისაა შესაძლებელი. სოფელი  ღორჯომის შემდეგ გვხვდება სოფელი საჯოგია, რომელიც  საზაფხულო საცხოვრებლად გამოიყენება და ზამთარში მთლიანად იცლება. აქ და მომდევნო სოფლებში ძირითადად ხის სახლებია. ასევე გვხვდება მცირე დასახლება, ამ ადგილს   სამარილეს ეძახიან. ამის შემდეგ მივუყვებით გზას ლეკნარისკენ, სადაც კიდევ ერთი ჩანჩქერი  გვხვდება. სოფლის ცენტრში მდებარეობს მცირე ზომის მეჩეთი. ლეკნარიდან  გზას შემაღლებულ ფერდზე მივუყვებით, საიდანაც  სამანქანო გზა წყდება და ფეხით მივემართებით „მყვირალა ქვებისკენ". ეს ის ადგილია, სადაც, ადგილობრივების ინფორმაციით, ძველად  ჯარის სადგომი იყო. ამ ადგილიდან  მშვენიერი ხედები იშლება, ახლო-მახლო მრავლადაა სასმელი წყაროებიც, ამიტომ შესანიშნავი ადგილია საბანაკედ. მარჯვნივ კლდის მასივი- „მრგვალი კაპანი“ ანუ მრგვალი კლდე მდებარეობს. მის ძირში გაშლილი ვრცელი სივრცეებით. ვბრუნდებით უკან, გამოვდივართ ხეობიდან და მივუყვებით გზას ბახმაროსკენ. სოფელ კიკიბოსთან, სამანქანო გზიდან მარჯვნივ, მდინარის გადაღმა ფერდზე გვხვდება ქვით ნაშენი ძველი ნასოფლარი და ნამოსახლარი. რამდენიმე კილომეტრში კი გზიდან მარცხნივ გვხვდება მცირე ზომის, ქვით ნაშენი „თავშესაფარი“. ამის შემდეგ უკვე შევდივართ სოფელ ზორტიყელში, რომელიც ზემოთ ნახსენებ სოფლებთან შედარებით ყველაზე დიდია და ზაფხულობით მჭიდროდ დასახლებული. აქ, სოფლის ცენტრში გვხვდება როგორც სასურსათო მაღაზიები, ასევე აფთიაქი და მეჩეთი. სოფელში სამანქანო გზის გასაგრძელებლად, უნდა გადავკვეთოთ ხიდი მდინარეზე, რომელიც არის ბეტონითა და რკინით ნაშენები.ზორტიყელის შემდეგ, ბახმაროსკენ მიმავალ გზაზე ვხვდებით სოფელ შედრეკილში და შევდივართ ბახმაროში, რომელიც მჭიდროდ დასახლებულია. აქ გვხვდება საოჯახო ტიპის სასტუმროები, სასურსათო მაღაზიები, თონე, საკვები ობიექტები,სამედიცინო პუნქტი. ბახმაროს ცენტრში დგას მთლიანად ხისგან ნაშენები ეკლესია.

გაზიარება

რას ვნახავ მარშრუტზე?

ღორჯომის ჩანჩქერი
ღორჯომის ჩანჩქერი

ჩანჩქერები ხულო

ღორჯომის მეჩეთი
ღორჯომის მეჩეთი

საკულტო ნაგებობები ხულო

განთავსება მარშრუტზე

ჩიტო აბულაძე
ჩიტო აბულაძე

საოჯახო სასტუმრო ხულო

გიორგი ზოიძის საოჯახო სასტუმრო
გიორგი ზოიძის საოჯახო სასტუმრო

საოჯახო სასტუმრო ხულო

მსგავსი მარშრუტები