მარშრუტის დეტალები:
ხანგრძლივობა: 3 დღე
მანძილი: 39 კმ
სირთულე: საშუალო
ტიპი: სათავგადასავლო
მდებარეობა: ქობულეთი
მარკირებული: დიახ

მარშრუტის აღწერა სოფ. ჭახათიდან:

მარშრუტი  სოფელი ჭახათიდან იწყება და გზის ძირითადი ნაწილი კინტრიშის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე გადის. მარშრუტს   რამდენიმე განშტოება აქვს, რომლის მონაკვეთების საწყისი წერტილებია: სოფ. ცხემლისი, სოფ. ხაბელაშვილები და კურორტი გომისმთა. სოფ. ჭახათი კი ერთ-ერთი საწყისი წერტილია ზემოთ აღნიშნული მარშრუტის ქსელში.  მარშრუტი  მდინარე კინტრიშის ნაპირს მიუყვება და  მასიური ტყითა და მთის მასივებით არის გარშემორტყმული. გზად   შეგხვდებათ  პატარა მდინარეები, მცირე ზომის ჩანჩქერები და წყაროები. აქვე მოინახულებთ კობალაურისა და ცხემვანას ქვის თაღოვან ხიდებს, ცხემვანის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიასა და ხინოწმინდის ეკლესიის ნანგრევებს. სოფ. ჭახათიდან  8,4 კილომეტრში მოხვდებით კინტრიშის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრში, იქვე  შეისვენებთ და ღამისთევასაც შეძლებთ. ვიზიტორთა ცენტრიდან  17 კილომეტრის გავლის შემდეგ, გრუნტოვანი გზით მოხვდებით სოფ. ხინოწმინდაში, სადაც  შეძლებთ ადგილობრივ საოჯახო სასტუმრო სახლში შესვენებას, წახემსებას და საჭიროების შემთხვევაში ღამისთევასაც. სასტუმროდან  მარცხენა მიმართულებით სამანქანე გზა წყდება და იწყება საფეხმავლო ბილიკი ტყეში, ტბიყელისკენ.

მარშრუტის მთავარი დანიშნულების ადგილი ტბა ტბიყელია, რომელიც ზღვის დონიდან 1900 მეტრზე მდებარეობს. ამ მიმართულებით საფეხმავლო  ბილიკი მთლიანად მარკირებულია, რაც საკმაოდ გაგიმარტივებთ მარშრუტზე მოგზაურობას. ხინოწმინდის ეკლესიის ნანგრევებიდან- ტბა ტბიყელამდე ბილიკის სიგრზე 14 კმ.-ია. გზად შეგხვდებათ  ულამაზესი პანორამული ხედები შავ ზღვასა და კავკასიონის ქედზე.

მარშრუტი სოფ. ცხემლისიდან

სოფელი ცხემლისიდან- მთა პერანგას საზაფხულო სადგომებისკენ გრუნტოვანი სამანქანო გზა   მიუყვება, რომელსაც  სოფლის მოსახლეობა ადრე საზაფხულო იაილებად იყენებდა. გზა მაღალი გამავლობის ავტომობილებისთვისაა განკუთვნილი. საზაფხულო იაილებიდან იწყება საფეხმავლო ბილიკი  ჯვარიმინდორისა და ხინოს მიმართულებით. გზა 1,5 კილომეტრში წყდება და  ვიწრო ბილიკზე გადადის, რომელიც  მთის წვერამდე მიუყვება, საიდანაც ჯვარიმინდორიდან ტბა ტბიყელზე გარდამავალ მარშრუტზე მოხვდებით. მარშრუტი დატვირთულია პანორამული ხედებით და საუკეთესო ადგილია შთამბეჭდავი ფოტოების გადასაღებად.

 

მარშრუტი სოფ. ხაბელაშვილებიდან

სოფ. ხაბელაშვილებიდან ჩრდილოეთით, მაღალი გამავლობის სამანქანო გზა მიუყვება,  რომელიც კურორტ გომის მთაზე  გადადის. გზა საკმაოდ შთამბეჭდავია, ალპურ მდელოზე სერპანტინებით უნდა ახვიდეთ, საიდანაც პანორამული ხედები იშლება. სოფელი ხაბელაშვილებიდან 14 კილომეტრში შეგხვდებათ გზაგასაყარი, სადაც საზაფხულო სადგომებია მოწყობილი. ამ ადგილს ადგილობრივები ჯვარიმინდორს ეძახიან.

ჯვარიმინდვრის გზაგასაყარიდან დასავლეთით, შეგიძლიათ წახვიდეთ სოფელი ცხემლისისკენ, კინტრიშის დაცული ტერიტორიებისკენ და ტბა ტბიყელისკენ. ბილიკი მიუყვება ქედს ალპურ ზონაში, ხოლო ჩრდილოეთით, მაღალი გამავლობის ავტომობილისთვის განკუთვნილი გზა მიდის კურორტ გომის მთისკენ, სადაც   ველოსიპედით და ცხენითაც შესაძლებელია გადაადგილება.  კურორტამდე გზის სიგრძე დაახლოებით 14 კილომეტრია.

მარშრუტი კურორტი გომისმთიდან

ბილიკი კურორტი გომის მთიდან სამხრეთით, გრუნტიან სამანქანო გზას მიუყვება ტბა ტბიყელის, ხინოწმინდის მონასტრის, კინტრიშის ეროვნული პარკის, სოფ. ხაბელაშვილების, სოფ. ცხემლისისა და სოფ. ჭახათის მიმართულებით. მარშრუტს რამდენიმე განშტოება აქვს, რომლის მონაკვეთების საწყისი წერტილებია: სოფ. ცხემლისი, სოფ. ხაბელაშვილები და სოფ. ჭახათი. კურორტი გომის მთაც ერთ-ერთი საწყისი წერტილია ზემოთ აღნიშნული მარშრუტის ქსელში. მოგზაურობის დასაწყისიდანვე ალპური მდელოების პანორამული ხედები იშლება. მარშრუტი სოფელი ცხემლისის მოსახლეობის საზაფხულო სადგომებამდე- ჯვარიმინდორამდე ადის. აქვე შეძლებთ წახემსებას და სასმელი წყლის მომარაგებას. ბილიკი მთლიანად მარკირებულია, რაც გაგიმარტივებთ მარშრუტზე მოგზაურობას.

ჯვარიმინდვრიდან 5,6 კილომეტრის გავლის შემდეგ  გვხვდება გზაგასაყარი. აქედან სამხრეთით, ბილიკი სოფელი ცხემლისის საზაფხულო იაილებზე- მთა პერანგაზე ჩადის გრუნტიანი სამანქანე გზით, ხოლო დასავლეთით, ტბა ტბიყელისა და სოფელი ჭახათის მიმართულებით გრძელდება. გზაგასაყარიდან 3,4 კილომეტრში ისევ გვხვდება გზაჯვარედინი, საიდანაც ჩრდილოეთით, ბილიკი ტბა ტბიყელის მიმართულებით მიუყვება, რომლის გზაზე საბანაკე ადგილებიცაა. სამხრეთით კი საფეხმავლო ბილიკს კინტრიშის ეროვნულ პარკსა და ხინოწმინდის მონასტრისაკენ ჩავყავართ. აქედან გრუნტოვანი სამანქანო გზა გრძელდება სოფელ ჭახათამდე.

 

ზოგადი რჩევები და რეკომენტაციები:

  • იმ შემთხვევაში, თუ  ცუდი ორიენტაციის უნარი გაქვთ, აუცილებლად თან გაიყოლეთ გიდი;
  • არ დაგავიწყდეთ ნარჩენებისთვის პოლიეთილენის პარკის წაღება, რადგან მარშრუტზე არ არის ნაგვის ურნები;
  • ჩაიცვით სპორტულად და კომფორტულად: სქელძირიანი, დახურული საველე ფეხსაცმელი, კეპი. 
  • გაითვალისწინეთ, რომ ტბიყელის ტბა სუბალპურ ზონაში მდებარეობს, ღამით ტემპერატურა მკვეთრად ეცემა, ამიტომ არ დაგავიწყდეთ თბილი ტანსაცმლის წაღება;
  • მარშრუტზე მოგზაურობისას, თან იქონიეთ ზურგჩანთა, საძილე ტომარა, კარავი, ფარანი, საგზალი, საკმარისი რაოდენობის წყალი, სალაშქრო ჯოხი; ასევე კარგ დახმარებას გაგიწევთ მზისგან და მწერებისგან დამცავი ნელსაცხებლები;
  • წაიღეთ მცირე ზომის პირველადი სამედიცინო დახმარების ჩანთა;
  • ტექნიკური და სასმელი წყლის მომარაგება შესაძლებელია ბილიკის გარკვეულ მონაკვეთებში.

გაზიარება

რას ვნახავ მარშრუტზე?

კინტრიშის ეროვნული პარკი
კინტრიშის ეროვნული პარკი

ეროვნული პარკები და ბაღები ქობულეთი

ხინოწმინდის საეპისკოპოსო ტაძარი
ხინოწმინდის საეპისკოპოსო ტაძარი

საკულტო ნაგებობები ქობულეთი

განთავსება მარშრუტზე

ნანინა
ნანინა

საოჯახო სასტუმრო შუახევი

ხინოწმინდა (ზაფხული)
ხინოწმინდა (ზაფხული)

საოჯახო სასტუმრო ქობულეთი