ჯვარიმონდორის ტურისტული თავშესაფარი შუახევის მუნიციპალიტეტში, სოფელ ცხემლისის მოსახლეობის  საზაფხულო  იაილებზე, ზღვის დონიდან  2000 მ. სიმაღლეზე მდებარეობს. აქ არის ერთ- ერთი მნიშვნელოვანი გზაგასაყარი, რომელიც კინტრიშის დაცულ ტერიტორიას და შუახევის მუნიციპალიტეტს აკავშირებს ერთმანეთთან და გურიის საზღვართან მდებარეობს. გარდა ამისა ჯვარიმინდორზე გადის საფეხმავლო ქსელური მარშრუტი, კერძოდ, კინტრიში-გომისმთა-ცხემლისი-ხაბელაშვილები, რომელიც ყველაზე გრძელი 88 კილომეტრიანი საფეხმავლო მარშრუტია აჭარაში.

იქედან გამომდინარე რომ ჯვარიმინდორი ყველაზე გრძელი საფეხმავლო მარშრუტის მთავარი ლოკაციაა, აღნიშნულ მარშრუტზე მოგზაურობის მსურველებს  შესაძლებლობა აქვთ შეისვენონ და ღამე გაათიონ ჯვარიმინდორის უფასო ტურისტულ თავშესაფარში. ადგილზე დაგხვდებათ ოთხი კოტეჯი. ერთ კოტეჯში შესაძლებელია ერთდროულად 2-3  ადამიანის განთავსება. ადგილზე დაგხვდებათ  საცეცხლური, კოცონის ზონა, საშხაპე და სველი წერტილი. ჯვარომინდორზე მოგზაურობისას უმჯობესია თან წაიღოთ ნახევრად მზა საკვები, რომელსაც სპეციალური მომზადება არ დასჭირდება. სამელი და ტექნიკური წყალი თავშესაფრისა და საპიკნიკეს მიმდებარე ტერიტორიაზე დაგხვდებათ.  თავშესაფრის გვერდით არის მოწყობილი საპიკნიკე ინფრასტრუქტურა, დიდი და პატარა საქანელებით, კოცონის ზონით, ფანჩატურით, სადაც შესაძლებლობა გექნებათ დაისვენოთ და დატკბეთ  ალპური ბუნებით, გადაიღოთ ფოტოები პანორამული ხედების ფონზე.

 

თხოვნა მოგზაურებს
გთხოვთ, ნუ დაანაგვიანებთ გარემოს! თან ატარეთ სპეციალური პაკეტები და ნარჩენები(განსაკუთრებით პოლიეთილენის პარკები, ბოთლები, კონსერვის ქილები და ა.შ) არ დატოვოთ ბუნებაში! ნაგვის მიწაში ჩამარხვა არ არის გამოსავალი. კოცონის დანთების შემთხვევაში, სანამ ადგილს დატოვებთ, დარწმუნდით, რომ ცეცხლი ბოლომდე ჩამქრალია.
გავუფრთხილდეთ ბუნებას.

გაზიარება