უძველესი ერების ისტორიული ჩანაწერებში ყველგან გვხვდება სიტყვა „ხიდი“, როგორც კომუნიკაციისა და ურთიერთობის მთავარი წყარო. საქართველოში ხიდმშენებლობა უძველესი დროიდან ყოფილა განვითარებული, ბევრი შუა საუკუნის ხიდი კი ახლაც მოქმედია.
ხიდების მშენებლობის მეთოდი, საქართველოში, მთიანმა რელიეფმა განსაზღვრა. თავდაპირველად, მცირე ნაკადულზე გადასასვლელად, ხის მორი გამოიყენებოდა, შემდეგ, მათ ნაცვლად უფრო რთული ხის კოჭოვანი ხიდების აგება დაიწყეს. ხიდმშენებლობის განვითარებასთან ერთად, დროებითი ხიდები ქვის ხიდებით იცვლებოდა. ძველი ქვის თაღოვანი ხიდების უმთავრესი ნაწილი - თაღი, ძირითადად, დაუმუშავებელი ქვის ფილებით, ყოველგვარი არქიტექტურული სამკაულის გარეშეა ამოყვანილი. შემაკავშირებელ მასალად გამოიყენებოდა კირის ხსნარი. ამგვარი ხიდებისთვის, გათლილი ქვის ნაცვლად, უმეტესწილად, იყენებდნენ იაფ ყორე ქვასა და დუღაბს.
ხიდები, ძირითადად, ძველ სავაჭრო-საქარავნო გზებზეა აშენებული, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებდა ქალაქებსა და სოფლებს. თუ თაღოვანი ხიდების ტოპოგრაფიას დავუკვირდებით, დავინახავთ, რომ მათი დიდი ნაწილი სწორედ აჭარის, ისტორიული ტაო-კლარჯეთისა და ჭანეთ-ლაზეთის ტერიტორიაზეა კონცენტრირებული.
ბუნებრივია, აჭარა, როგორც ტაო-კლარჯეთის შემადგენელი ნაწილი, ჩართული იყო ამ პროცესში და აქ ხდებოდა საკუთარი ნაწარმის რეალიზაცია და იმპორტი. ვაჭრობის განვითარება კი მოითხოვდა როგორც შიდა, ისე გარე სამყაროსთან დამაკავშირებელი გზების მოწესრიგებას. ეს კარგად ესმოდათ ქართველ მეფეებს და როგორც ჩანს დიდ ხარჯებსაც იღებდნენ გზების გასაყვანად, ხიდებისა და ქარვასლების ასაშენებლად.
არსებული მონაცემების მიხედვით, დღეისათვის აჭარაში 35-მდე ხიდია ფიქსირებული. მათი დიდი ნაწილი დანგრეულია, 15-მდე ხიდი კი შედარებით კარგად არის დაცული.
მდებარეობა: ქედის მუნიციპალიტეტი, სოფელი მახუნცეთი.
ბათუმიდან 30კმ.
მახუნცეთის ხიდი თარიღდება XII საუკუნით. ხიდი ნაშენია ვულკანური წარმოშობის ქვით დუღაბზე. ხიდის ორივე მხარის ნაპირე რკალის ფლეთილ ქვებს შორის ჩასმულია უსწორო ქვები და კირის ხსნარი. საპირე ქვები ერთმანეთზე ვერტიკალურადაა მოწყობილი და ხიდის ორივე ნაპირს მთელს სიგრძეზე გასდევს. ხიდს არა აქვს ლავგარდანი. სიგრძე ბურჯიდან ბურჯამდე 19,5 მ.-ია. სიგანე 2,5მ. თარის სიმაღლე წყლის დონიდან 5,6 მ. საუკუნეების მანძილზე ხიდის გამაგრებისა და შეკეთების მიზნით მის ზედაპირზე დამატებულია ქვის წყობის ერთი და ზოგან ორი რიგი, რომელიც სრულად განსხვავდება პირვანდელისაგან ზომით, ფორმითა და წყობის ხასიათით. მახუნცეთის ხიდი ერთ-ერთ ტურისტულად ყველაზე დატვირთულ და მონახულებად ხიდად შეძლება ჩაითვალოს.
ხიდები ქედა
ხიდები ქედა
ხიდები ქედა