უძველესი ერების ისტორიული ჩანაწერებში ყველგან გვხვდება სიტყვა „ხიდი“, როგორც კომუნიკაციისა და ურთიერთობის მთავარი წყარო. საქართველოში ხიდმშენებლობა უძველესი დროიდან ყოფილა განვითარებული, ბევრი შუა საუკუნის ხიდი კი ახლაც მოქმედია.
ხიდების მშენებლობის მეთოდი, საქართველოში, მთიანმა რელიეფმა განსაზღვრა. თავდაპირველად, მცირე ნაკადულზე გადასასვლელად, ხის მორი გამოიყენებოდა, შემდეგ, მათ ნაცვლად უფრო რთული ხის კოჭოვანი ხიდების აგება დაიწყეს. ხიდმშენებლობის განვითარებასთან ერთად, დროებითი ხიდები ქვის ხიდებით იცვლებოდა. ძველი ქვის თაღოვანი ხიდების უმთავრესი ნაწილი - თაღი, ძირითადად, დაუმუშავებელი ქვის ფილებით, ყოველგვარი არქიტექტურული სამკაულის გარეშეა ამოყვანილი. შემაკავშირებელ მასალად გამოიყენებოდა კირის ხსნარი. ამგვარი ხიდებისთვის, გათლილი ქვის ნაცვლად, უმეტესწილად, იყენებდნენ იაფ ყორე ქვასა და დუღაბს.
ხიდები, ძირითადად, ძველ სავაჭრო-საქარავნო გზებზეა აშენებული, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებდა ქალაქებსა და სოფლებს. თუ თაღოვანი ხიდების ტოპოგრაფიას დავუკვირდებით, დავინახავთ, რომ მათი დიდი ნაწილი სწორედ აჭარის, ისტორიული ტაო-კლარჯეთისა და ჭანეთ-ლაზეთის ტერიტორიაზეა კონცენტრირებული.
ბუნებრივია, აჭარა, როგორც ტაო-კლარჯეთის შემადგენელი ნაწილი, ჩართული იყო ამ პროცესში და აქ ხდებოდა საკუთარი ნაწარმის რეალიზაცია და იმპორტი. ვაჭრობის განვითარება კი მოითხოვდა როგორც შიდა, ისე გარე სამყაროსთან დამაკავშირებელი გზების მოწესრიგებას. ეს კარგად ესმოდათ ქართველ მეფეებს და როგორც ჩანს დიდ ხარჯებსაც იღებდნენ გზების გასაყვანად, ხიდებისა და ქარვასლების ასაშენებლად.
არსებული მონაცემების მიხედვით, დღეისათვის აჭარაში 35-მდე ხიდია ფიქსირებული. მათი დიდი ნაწილი დანგრეულია, 15-მდე ხიდი კი შედარებით კარგად არის დაცული.
დანდალოს თაღოვანი ხიდი
მდებარეობა: ქედის მუნიციპალიტეტი, სოფელი დანდალო. მდინარე აჭარისწყლის ხეობაში, ზემო და ქვემო აჭარის საზღვარზე.
ბათუმიდან: 60 კმ
აღწერა: ხიდი IX-XI საუკუნეებით თარიღდება. დანდალოს ხიდი თხელი თაღით, დახვეწილი პროპორციებით გამოირჩევა. იგი ნაშენია ვულკანური წარმოშობის კლდის თლილი ქვით დუღაბზე. ხიდის სავალი ნაწილი დაფარულია უსწორო ქვებით. ბურჯები კლდეზეა აღმართული. მარჯვენა ბურჯი კლდეზეა დაშენებული, ხოლო მარცხენა მალის შემცირების მიზნით წყალშია შეჭრილი. ნაგებობისთვის გამოყენებულია ხიდის ორივე მხარის საპირე რკალის ფლეთილი ქვა, რომელთა შორის უსწორო ქვები და კირის ხსნარია. ხიდის სიმაღლე წყლის დონიდან 7.6 მ.-ია. საუკუნეების მანძილზე ხისი გამაგრებისა და შეკეთების მიზნით ზედაპირზე დამატებულია ქვის წყობის ორი რიგი, რომელიც სრულად განსხვავდება პირვანდელისაგან ზომით, ფორმითა, თუ ქვების წყობით. ამგვარი გადაკეთება-შეკეთება ერთგვარად უცვლის ხის პირვანდელ სახეს და ამძიმებს კონსტრუქციებს. ამგვარი ხიდების აშენება სამშენებლო ტექნიკის თვალსაზრისით, უფრო რთულია, რადგან დატვირთვები არათანაბრად ნაწილდება.
ხიდები ქედა
ხიდები ქედა
ხიდები ქედა
ხიდები ქედა