უძველესი ერების ისტორიული ჩანაწერებში ყველგან გვხვდება სიტყვა „ხიდი“, როგორც კომუნიკაციისა და ურთიერთობის მთავარი წყარო. საქართველოში ხიდმშენებლობა უძველესი დროიდან ყოფილა განვითარებული, ბევრი შუა საუკუნის ხიდი კი ახლაც მოქმედია.
ხიდების მშენებლობის მეთოდი, საქართველოში, მთიანმა რელიეფმა განსაზღვრა. თავდაპირველად, მცირე ნაკადულზე გადასასვლელად, ხის მორი გამოიყენებოდა, შემდეგ, მათ ნაცვლად უფრო რთული ხის კოჭოვანი ხიდების აგება დაიწყეს. ხიდმშენებლობის განვითარებასთან ერთად, დროებითი ხიდები ქვის ხიდებით იცვლებოდა. ძველი ქვის თაღოვანი ხიდების უმთავრესი ნაწილი - თაღი, ძირითადად, დაუმუშავებელი ქვის ფილებით, ყოველგვარი არქიტექტურული სამკაულის გარეშეა ამოყვანილი. შემაკავშირებელ მასალად გამოიყენებოდა კირის ხსნარი. ამგვარი ხიდებისთვის, გათლილი ქვის ნაცვლად, უმეტესწილად, იყენებდნენ იაფ ყორე ქვასა და დუღაბს.
ხიდები, ძირითადად, ძველ სავაჭრო-საქარავნო გზებზეა აშენებული, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებდა ქალაქებსა და სოფლებს. თუ თაღოვანი ხიდების ტოპოგრაფიას დავუკვირდებით, დავინახავთ, რომ მათი დიდი ნაწილი სწორედ აჭარის, ისტორიული ტაო-კლარჯეთისა და ჭანეთ-ლაზეთის ტერიტორიაზეა კონცენტრირებული.
ბუნებრივია, აჭარა, როგორც ტაო-კლარჯეთის შემადგენელი ნაწილი, ჩართული იყო ამ პროცესში და აქ ხდებოდა საკუთარი ნაწარმის რეალიზაცია და იმპორტი. ვაჭრობის განვითარება კი მოითხოვდა როგორც შიდა, ისე გარე სამყაროსთან დამაკავშირებელი გზების მოწესრიგებას. ეს კარგად ესმოდათ ქართველ მეფეებს და როგორც ჩანს დიდ ხარჯებსაც იღებდნენ გზების გასაყვანად, ხიდებისა და ქარვასლების ასაშენებლად.
არსებული მონაცემების მიხედვით, დღეისათვის აჭარაში 35-მდე ხიდია ფიქსირებული. მათი დიდი ნაწილი დანგრეულია, 15-მდე ხიდი კი შედარებით კარგად არის დაცული.
მდებარეობა:ხიდი მდებარეობს ხულოს მუნიციპალიტეტში.
ხულოს ცენტრიდან 7 კმ-ის დაშორებით.
ხიდის სიგრძე ჰორიზონტალურად ბურჯიდან ბურჯამდე 7,5მ.-ია. სიგანე შუა წელზე 2,8 მ. თაღის სისქე 40სმ, სიმაღლე წყლის დონიდან 4 მ. საპირე ქვები ერთმანეთზე ვერტიკალურად არის მოწყობილი. გაშლილი ნახევარწრიული თაღის მოხაზულობის ხიდი საკმაოდ ფართეა და ეყრდნობა ორივე ნაპირზე კლოდავან ქანზე ამოყვანილ ბუჯებს. სავალი ნაწილი დაფარულია ქვის ფილებით. XX საუკუნის ბოლოს ადგილობრივ მოსახლეობას ხიდი გაუმაგრებია ბეტონით, რამაც მნიშვნელოვნად შეუცვალა მისი პირვანდელი სახე.
ხიდები ხულო