მაჭახელას ხეობა ბათუმიდან სამხრეთით, მდინარე ჭოროხისა და მაჭახელას შესართავიდან იწყება. ხეობა ცნობილია თოფი მაჭახელას და საოჯახო ხანჯლების ისტორიით, კულტურულ-ისტორიული ძეგლებითა და ეროვნული პარკით.
„მაჭახელას თოფის გზის“-ს მარშრუტი საშუალებას გაძლევთ მოინახულოთ თოფი „მაჭახელას“ მონუმენტი, გვარას ციხე, მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ქვემეხი სოფელ სკურდიდში, ცხემლარას თაღოვანი ხიდი, ულამაზესი ჩანჩქერი და ზედა ჩხუტუნეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი.
ტურისტული მარშრუტი იწყება ბათუმიდან და მიუყვება ბათუმი - ახალციხის გზატკეცილს. სოფ. აჭარისწყლიდან გზა მიემართება მდინარე ჭოროხისა და მაჭახლისწყლის შესართავთან, საიდანაც 300 მეტრის მოშორებით გვხვდება გვარას ციხის ნანგრევები, აქედან გზა გრძელდება მდინარე მაჭახელას ხეობის მიმართულებით და სოფელ სკურდიდში, ისტორიულ ქვემეხსა და ამბრაზურასთან მივყავართ. გზად გვხვდება XII საუკუნეშია აგებული ცხემლარას თაღოვანი ხიდი. ხეობის აყოლებით მივდივართ სოფელ ზედა ჩხუტუნეთში. აქ დამთვალიერებელს ულამაზესი ჩანჩქერი ელის, რომლის ფორმა გამორჩეულია და კიბის საფეხურებს წააგავს. მარშრუტი გრძელდება ზედა ჩხუტუნეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის მიმართულებით, რომელიც ყოფილი მეჩეთის სამსართულიან შენობაშია განთავსებული. გზიდან მაჭახელას ხეობის შთამბეჭდავი ხედები იშლება.
ხეობაში შესაძლებელია მაჭახელას ეროვნული პარკის მონახულება. პარკი ზღვის დონიდან 300-350 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. პარკის ტერიტორიის 95% წაბლის, წიფლის, რცხილის და მურყანის ტყეებს უჭირავთ. ფუნქციონირებს ორი, სამანქანოსთან ინტეგრირებული საფეხმავლო ბილიკი. ადმინისტრაციული და ვიზიტორთა ცენტრები განლაგებულია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფ. აჭარისაღმართის ცენტრში.
ქვედა და ზედა ჩხუტუნეთსა და კოსტანეთში შესაძლებელია ღამისთევა და ტრადიციული კერძების დაგემოვნება საოჯახო სასტუმროებში, სადაც გაეცნობით ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას, გაისეირნებთ მიმდებარე ადგილებში და მოინახულებთ ღირსშესანიშნაობებს.
ციხეები ხელვაჩაური
მუზეუმი ხელვაჩაური
ეროვნული პარკები და ბაღები ხელვაჩაური
საკულტო ნაგებობები ხელვაჩაური
საკულტო ნაგებობები ხელვაჩაური
ხიდები ხელვაჩაური
საოჯახო სასტუმრო ხელვაჩაური
საოჯახო სასტუმრო ხელვაჩაური
საოჯახო სასტუმრო ხელვაჩაური