სოფელი ქედლები დაბა ხულოს ცენტრთან ახლოს, 4 კმ.-ში მდებარეობს და მჭიდროდ დასახლებულია. ეს ადგილი მიმზიდველია სამთო-სათხილამურო ტურიზმის მოყვარულთათვის და აქტიურია ზამთრის სეზონზე. სოფელში ვხვდებით არაერთ საოჯახო სასტუმროს. კურორტზე მოწყობილია სათხილამურო ბაზა და ორი 150 და 300 მეტრი სიგრძის საბაგირო გზა. ქედლები უხვი თოვლით გამოირჩევა.
მარშრუტის აღწერა:
მარშრუტი იწყება ქედლების სათხილამურო ბაზის პირველი შენობიდან და ჩრდილო - აღმოსავლეთით სოფლის გრუნტიან გზას მიუყვება. დაახლოებით 1 კილომეტრში სოფლის ტერიტორია მთავრდება და პატარა ნაკადულის გადავლის შემდეგ, მდელოზე გადის, რომელიც კარგი საპიკნიკე ადგილია. აქედან პანორამული ხედი იშლება არგინეთის მთისა და ხულოს სოფლებზე.
მდელოდან გზა საცალფეხო ბილიკით გრძელდება და ისევ ჩრდილო აღმოსავლეთით, მთის ფერდს მიუყვება. 1,5 კმ.-ის გავლის შემდეგ გადასახვევია ჩანჩქერის მიმართულებით. ჩანჩქერს სამი ვარდნილი აქვს- პირველი ვარდნილის სიმაღლე 4 მ.-ია, მეორეს 11 მ. და მესამეს 5 მ. წყალი კლდეს მიუყვება და სიმცირის გამო დაცემის წერტილზე სიღრმეს ვერ იკეთებს. კარათის მთის წვერისკენ გზის გასაგრძელებლად, ჩანჩქერიდან უკან დაბრუნებაა საჭირო. გადასახვევიდან ჩრდილოეთით, საფილეთის მთისკენ მიუყვება ბილიკი, რომელსაც მესაქონლეები იყენებენ.
ჩანჩქერის გადასახვევიდან ერთ კილომეტრში მდებარე საფილეთის მთას სოფელი ქედლების მოსახლეობა საზაფხულო საძოვრებად იყენებს, იქვე აქვთ აშენებული კოტეჯები და საქონლის სადგომები. კარგი საპიკნიკე ადგილებია საფილეთის მთაზე. ბილიკის შუაში გვხვდება დიდი და მოსწორებული მინდვრები მდინარის პირას, ულამაზესი ხედებით, რაც შესვენების და ასევე ღამის გათევის საშუალებას გვაძლევს. საფილეთის მთიდან საურმე გზას კარათის მთისკენ მივუყვებით, რომელიც მალევე მთავრდება და მთაზე ასასვლელად საკმაოდ ხშირ ტყეშია საჭირო გზის გაკვლევა.
კარათის მთის წვერიდან გზის გაგრძელება ვეღარ ხერხდება და უკან დასაბრუნებლად იგივე გზის გავლაა საჭირო.
ბილიკი საშუალო სირთულისაა. სოფელში და საფილეთის მთაზე გვხვდება სასმელი და ტექნიკური წყალი, სადაც საპიკნიკე ადგილის მოწყობაცაა შესაძლებელი.
სოფელი მრავალი ტურისტული მიმართულებით გამოირჩევა, თუმცა განსაკუთრებით აღსანიშნავია ხედები, მით უფრო მთა არგინეთზე, რომელიც დაბა ხულოდან ერთ-ერთ მთავარ სანახაობას წარმოადგენს.
სათავგადასავლო ხულო
სათავგადასავლო ხულო
სათავგადასავლო ხულო
სათავგადასავლო ხულო