მაჭახელას ხეობა

მაჭახელას ხეობა ბათუმიდან 28 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს, დამახასიათებელია ნოტიო და სუბტროპიკული  კლიმატით და მთის კალთებზე შეფენილი ულამაზესი სოფლებით. ხეობა ორ ნაწილადაა გაყოფილი, ზემო მაჭახელა დღესდღეობით თურქეთის საზღვრებშია მოქცეული, ქვემო მაჭახელა კი საქართველოს შემადგენლობაში დარჩა. თუ  ზედა ჩხუტუნეთის სოფლებს ესტუმრებით, მთის ფერდობიდან ორად გაყოფილ სოფელს დაინახავთ, რომელსაც მოსაზღვრე ქვეყნის საგუშაგო ჰყოფს.

ხეობა, მდიდარი ისტორიულ-კულტურული წარსულის გარდა, ულამაზესი ბუნებითაც გამოიჩევა. აქ  განვითარებულია მეურნეობის ტრადიციული დარგები, რომელთაგან წამყვანი ადგილი მიწათმოქმედებას უჭირავს. არანაკლებ მნიშვნელოვანია მეფუტკრეობა,  კერძოდ ამ დარგის სამი ფორმა - ტყიური, ნახევრად შინაური და შინაური. მაჭახელას ფუტკარი, კავკასიური ფუტკრის ერთ-ერთ სახეობას წარმოადგენს.

მაჭახელას ხეობა ქართული იარაღის სამჭედლოდ არის  აღიარებული. თოფი, დამბაჩა, ხანჯალი, იატაგანი, „თოფხანა“, „ნალფარე“-  ეს იმ იარაღების ჩამონათვალია, რომლითაც ხეობას  მთელს საქართველოსა და ოსმალეთში ჰქონდა სახელი განთქმული.

 

რა ვნახოთ:

  1. გვარას ციხე;
  2. ყალივაკის ციხე;
  3. ცხემლარას თაღოვანი ხიდი;
  4. ჩხერის თაღოვანი ხიდი;
  5. ქოქოლეთის (ჩომახისურის) თაღოვანი ხიდი;
  6. ზედა ჩხუტუნეთის მარანი;
  7. ზედა ჩხუტუნეთის (ჯონჭყოს) საწნახელი;
  8. ცხემლარას მარანი;
  9. ჩიქუნეთის მარანი;
  10. მაჭახელას ეთნოგრაფიული მუზეუმი;
  11. ქვემეხი „ამბრაზურა“;
  12. მაჭახელას ეროვნული პარკი;
  13. ტყუპი ჩანჩქერი;
  14. ზვარიას ხიდი;
  15. გორგაძეთის ხიდი;
  16. მაჭახელას თოფის მონუმენტი;

 

როგორ მოვხვდეთ:

მაჭახლის ხეობაში მოსახვედრად, შეგიძლიათ ისარგებლოთ სამარშრუტო ტაქსით, რომელიც  ბათუმის ძველი ავტოსადგურიდან გადის მაჭახელას მიმართულებით, ყოველდღიურად, დღეში სამჯერ. მის.: ბათუმი, ძველი ავტოსადგური, მაიაკოვსკის ქ. №1

ასევე,  ტაქსით ბათუმიდან - დაახლოებით 80-100 ლარი.

ფოტოგალერეა