ქობულეთის დაცული ტერიტორია, ისპანის ტორფნარი სახელმწიფო ნაკრძალია, რომელიც  საერთაშორისო მნიშვნელობისაა და ბიომრავალფეროვნების კუთხით  მსოფლიოს უმნიშვნელოვანეს ტორფნარს წარმოადგენს. მიმდინარე წლის 26 ივლისს UNESCO-მ „კოლხეთის ტენიან ტყეებსა და ჭარბტენიან ტერიტორიებს“ მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის უბნის სტატუსი მიანიჭა. რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ისტორიაში პირველად, 4 დაცული ტერიტორია UNESCO-ს ბუნებრივი მემკვიდრეობის ნუსხაში შევიდა.
ისპანის ტორფნარები ზღვის სანაპიროდან სულ რაღაც 500 მეტრში მდებარეობს. რაც ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ტურისტების მოზიდვისათვის, ასევე მომიჯნავე ტერიტორიების მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით.

ქობულეთის დაცული ტერიტორია, რომლის ფართობი 770 ჰექტარია, ორ მთავარ ზონას მოიცავს: ისპანი 2 - სფაგნუმიანი ტორფნარი ანუ სახელმწიფო ნაკრძალი და ისპანი 1 ტორფნარი - აღკვეთილი. სწორედ ისპანი 2 ნაკრძალი წარმოადგენს UNESCO-ს ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ლოკაციას, ხოლო ისპანი 1 ბუფერულ ზონად განიხილება, სადაც შესაძლებელია ვიზიტორების მოზიდვა და ინფრასტრუქტურული განვითარება. მისი ფართობი დაახლოებით 1(ერთი) ჰექტარია. ბუფერულ ზონად განიხილება ასევე ისპანი 2 ტორფნარის განაპირა ტყის ვიწრო ზოლი.

ქობულეთის დაცულ ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, 2021 წელს ა(ა)იპ ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს მიერ  მომზადდა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტი, რომელიც ითვალისწინებს გარემოსთან ადაპტირებული საფეხმავლო ბილიკების, გადმოსახედი კოშკურის, მოსასვენებელი კოტეჯის, ავტოპარკინგისა და ვიზიტორთა ცენტრის მოწყობას.

პროექტის ნაწილი, ბილიკის მშენებლობა დასრულებულია, მიმდინარეობს კოშკის მშენებლობა.

გაზიარება