აჭარაში ბევრი საპიკნიკე ადგილია, როგორც ბათუმთან ახლოს, ასევე ზღვის დონიდან 2100 მეტრ სიმაღლეზე. 2020 წელს სამ სხვადასხვა ადგილზე ახალი საპიკნიკე დაემატა შესაბამისი ინფრასტრუქტურით. შორი ლაშქრობის მოყვარულებისთვის, 2148 მ. სიმაღლეზე, ჩირუხის მთების გარემოცვაში საპიკნიკე ზონა მოეწყო, სადაც დაანთებთ კოცონს, მწვადს ააშიშხინებთ, ჰამაკებსა და საქანელებზე განიტვირთებით, გვიანობაბამდე დარჩებით ან სურვილის შემთხვევაში, კარავსაც იქვე დასცემთ. ჩირუხის საპიკნიკეზე დასვენება ძალიან სასარგებლო იქნება შორ მარშრუტზე მიმავალი მოგზაურებისთვისაც. ხელვაჩაურში მდებარე სოფელი კაპნისთავი ახალი ტურისტული მიმართულებაა, რომელიც მნახველს აოცებს და იზიდავს თავისი ბუნებით, სიმწვანით, ჩანჩქერების სიმრავლით, ულამაზესი საფეხმავლო ბილიკებით, ხელოვნურად შექმნილი აუზებით,უძველესი წისქვილებით, ღვინის მარანით, ღია მუზეუმით და რაც მთავარია, საოცრად სტუმართმოყვარე, ყურადღებიანი ადგილობრივი მოსახლეობით. ტყეში ჩაფლული, ახლად მოწყობილი საპიკნიკე და დასასვენებელი სივრცე, კიდევ ერთი მოტივი იქნება ამ საოცარი ადგილის მოსანახულებლად. ჩაქვში მდებარე სოფელი შუამთა ცნობილია, როგორც ,,ბერდვოჩერების“ სამოთხე, რადგან ეს არის ადგილი, რომელსაც ყოველ წელს მილიონობით გადამფრენი ფრინველი ირჩევს თბილი ქვეყნებისკენ მიმავალ გზაზე. ამ ადგილას ბათუმიდან მხოლოდ 10-15 წუთში მოხვდებით, სადაც მაშინაც კი, თუკი ფრინველებით არ ინტერესდებით, შეუძლებელია არ მოიხიბლოთ საოცარი პანორამული ხედებით და ბუნებით. ახალი საპიკნიკე ინფრასტრუქტურა დაგეხმარებათ კომფორტულად დასვენებასა და განტვირთვაში.

პროექტი დასრულებულია

გაზიარება