მარშრუტი იწყება სოფელი ზამლეთიდან, რომელიც შუახევის ცენტრიდან 8 კმ.-ში მდებარეობს. აქედან ხიხაძირის მიმართულებით გამგზავრებისას, არაერთი ღირსშესანიშნაობა გვხვდება. მათ შორისაა: მდინარე აჭარისწყალზე მდებარე ფურტიოს შუასაუკუნეების თაღოვანი ხიდი, მდინარე სხალთისწყლის ხეობაში მდებარე XII საუკუნის სხალთის მონასტერი, რომელიც შუა საუკუნეების საკულტო არქიტექტურისა და მონუმენტური კედლის მხატვრობის ერთადერთი ნიმუშია აჭარაში, იქვე მდებარე, აჭარის საქართველოსთან დაბრუნებისთვის მებრძოლი ზემო-აჭარის უკანასკნელი თავადის შერიფ ხიმშიაშვილის სახელობის სახლ-მუზეუმი, ვერნების ნასაყდრალი (XII-XIII სს.), ციხესიმაგრეები ციხიყელი და ვარდციხე (XI-XIIსს.), კალოთას საყდრიდან (XI-XIIIსს.) შემორჩენილი საკურთხევლის ნაშთი, შერიფ ხიმშიაშვილის საფლავი, აჭარელი გმირის-სელიმ ხიმშიაშვილის თავის მოკვეთის ადგილი და ბუნებრივი მაცივარი.
ღამისთევა და ადგილობრივი კერძების მირთმევა სოფელ ხიხაძირის საოჯახო სასტუმრო სახლებში იქნება შესაძლებელი.
მეორე დღეს მარშრუტი სოფელ ხიხაძირიდან გრძელდება ბაკიბაკოს გავლით და მიემართება ჩირუხისკენ. გზად გვხვდება ყარაგოლის და შრატიანის ტბები, ასევე ულამაზესი, თუმცა ძნელად მისადგომი ჩანჩქერი. ჩირუხში შესაძლებელია საპიკნიკე სივრცეში წახემსება და მოსვენება საქანელებსა და ჰამაკებში. ასევე აღსანიშნავია ალპურ ზონაში მდებარე მთების ულამაზესი ხედები, რომელიც აუცილებლად ბევრი ფოტოს გადაღებას მოგანდომებთ. ჩირუხიდან შუახევისკენ დაშვებისას, მარეთის ხეობაში მოინახულებთ დარჩიძეების ციხეს (XI-XII სს.), ორი მდინარის- ჩირუხისა და ტბეთის შესართავთან, შემაღლებულ და თვალშისაცემ ადგილას მდებარე ოქროპილაურის ციხეს, ოლადაურის ფერისცვალების ეკლესიას, უჩამბისწყლის ხეობაში მდებარე ცინარეთის ციხეს, წაბნარას ნასაყდრალს და ჩამოხვალთ შუახევის ცენტრში. ბათუმში გამგზავრებამდე, სურვილის შემთხვევაში, კავიანის ციხესაც მოინახულებთ.
აღსანიშნავია, რომ ეს არის ორდღიანი კულტურულ- სათავგადასავლო მარშრუტი მაღალმთიან აჭარაში, რომელიც ორ მუნიციპალიტეტს -შუახევსა და ხულოს მოიცავს, თუმცა, ვინც არ არის მზად შედარებით ხანგრძლივი მოგზაურობისთვის, შეუძლია ერთი მიმართულება და ერთდღიანი მარშრუტი აირჩიოს.
სათავგადასავლო ხულო
სათავგადასავლო ხულო
სათავგადასავლო ხულო