ხულო - სოფ. თაგო - მთა არგინეთი

მარშრუტის სირთულე: საშუალო
მარშრუტის ტიპი: საფეხმავლო, საცხენოსნო, საველოსიპედე
მარშრუტის საერთო სიგრძე: 15.8 კმ.
მოგზაურობის ხანგრძლივობა: საფეხმავლოდ -2 დღე და 1 ღამე; საცხენოსნოდ და საველოსიპედეთ - ერთი დღე.
მოგზაურობის დრო: სოფ. ღურტას მიმართულებით -  6 სთ. და 50 წთ.;  სოფ. თაგოს მიმართულებით - 7 სთ.
მაქსიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან  1942 მ.
ფიჭური ქსელის დაფარვის ზონა –სრული

მარშრუტი აქტიურია მაისიდან სექტემბრამდე.

მარშრუტზე სანახავი ობიექტები: ტბა ოწინარი, მთა არგეთი.

მარშრუტი არ არის მარკირებული

 

 

მარშრუტის აღწერა:

მარშრუტი იწყება დაბა ხულოს ცენტრიდან, საიდანაც საბაგიროთი გადავდივართ სოფ. თაგოში. სოფელში მოხვედრა სამანქანო გზითაც  შეიძლება, თუმცა, ტრანსპორტის გარდა, ამ საბაგიროს ატრაქციონის ფუნქციაც აქვს. ეს არის საბაგირო საყრდენი კონსტრუქციის გარეშე, რომელიც სიდიდით ევროპაში მეორე ადგილზეა. საბაგიროს სიგრძე 1719 მ.-ია, ხოლო სიმაღლე 280 მ.

თაგოში საფეხმავლო ბილიკის გავლის შემდეგ,  სოფლის სამანქანო გრუნტიან გზას ვადგებით, რომელსაც სოფლის ზედა მხარეს მივყავართ. აქ გზა ორად იყოფა: მარჯვენა მხარეს  სამანქანო გზაა, რომლის გაყოლის შემთხვევაშიც  არგინეთის ქედზე ვექცევით, სადაც გადაადგილება  მაღალი გამავლობის ავტომობილებითაა შესაძლებელი, ხოლო მარცხენა მხარეს გამავალი  სამანქანო გზა  ტყის მასივს მიუყვება სერპანტინებით. ამჟამად, ზოგიერთ ადგილას  მეწყერის გამო გზა ჩამოშლილია, რაც ავტომობილის გადაადგილებას შეუძლებელს ხდის.  ტყიდან მინდორში საფეხმავლო ბილიკები გადადის, რომლითაც მწყემსები სარგებლობენ.

მინდვრის გადაკვეთის შემდეგ, ვუბრუნდებით ზემოთ აღნიშნულ სამანქანო გზას, რომელიც ზიგზაგისებურად მიუყვება ფერდს. აქედან მარჯვენა მხარეს დაშვებისას, სამანქანო გზა წყდება და მინდორზე გადადის, რომელიც შემოღობილია და  ადგილობრივების საკუთრებას წარმოადგენს. საფეხმავლო ბილიკი ისევ სამანქანო გზასთან გვაბრუნებს, წინ გვხვდება ლამაზი ხედები. სწორი გზა  ტბასთან მიდის, რომელსაც სოფლის მოსახლეობა პირუტყვისთვის წყლის სასმელად იყენებს და ზაფხულში თითქმის შრება. ბილიკზე არაა სასმელი წყლის პრობლემა, ხშირად გვხვდება მოწესრიგებული წყარო. ტბიდან ძველ სამანქანო გზას  არგინეთის ქედზე ავყავართ.

 ზამთარში აქ ტურისტის გადაადგილება აკრძალულია. სწორედ ამიტომ, მარშრუტი რეკომენდებული იქნება მხოლოდ გვიანი გაზაფხულიდან ადრეულ შემოდგომამდე. 

არგინეთის ქედზე ასვლისას,  პანორამული ხედები გვხვდება. ქედიდან  მარჯვენა მხარეს შევდივართ ტყეში, სადაც ბილიკი წყდება და გვიწევს გაკვლევა. შემდეგ ვადგებით ძველ სამანქანო გზას, რომელიც პერიოდულად გვეკარგება. გზა თითქმის წაშლილია და დაფარულია  ტყის მასივით, რომელსაც ასევე არგინეთის ქედზე, მინდორში( ანძებთან) ჩავყავართ, საიდანაც  2 კმ.-ში გადავდივართ სოფელ იაკობიძეებში.

მარშრუტი სურვილის შემთხვევაში აქ სრულდება, ან გრძელდება სამანქანო გზით, რომელსაც სოფელ ღურტაში ჩავყავართ.

სოფელ იაკობიძეებისკენ მიმავალი გზა გაფუჭებულია და გადაადგილება  შესაძლებელია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილით ან ფეხით. სოფელში შესვლისთანავე კი ბეტონის საფარიან გზას ვადგებით, სადაც მსუბუქი ავტომობილებითაცაა შესაძლებელი გადაადგილება. მალევე გვხვდება ჩანჩქერი, რომლის მონახულების შემდეგ ვბრუნდებით საავტომობილო გზაზე და პირდაპირ ვაგრძელებთ, საიდანაც  საციხვარას ციხეზე ვაგრძელებთ. ციხესთან მოსახვედრი საფეხმავლო ბილიკი ამჟამად კერძო ტერიტორიაზე გადის. ციხისკენ მიმავალ მარშრუტზე  მომცრო ზომის მდინარე გვხვდება, რომელზეც ხის ხიდია გადებული და გადაკვეთა მარტივად არის შესაძლებელი. საციხვარას ციხეზე მოხვედრა საკმაოდ რთულია რადგან ასავლელ ფერდზე მიწა მუდმივად ნესტიანია, მცენარეების ფესვები სუსტია და ფეხი შესაძლოა დასრიალდეს. ციხისგან დღესდღეობით მხოლოდ ნანგრევებია შემორჩენილი. აქედან უკან დაბრუნებისას,  სახლის გავლით მივუყვებით ბეტონის სამანქანო გზას ხულო-ადიგენის დამაკავშირებელი გზისკენ.

 

 

 

 

სხვა მარშრუტები

მაჭახელას თოფის გზა

მდებარეობა: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტიმარშრუტის დასაწყისი / დასასრული:  ბათუმი - სოფელი ზედა ჩხ ...

თაგო - სხალთის საფეხმავლო ...

    მარშრუტის სირთულე : მარტივი მარშრუტის ტიპი: საფეხმავლო, გამჭოლი. მისი გავლა შესაძ ...

ეკო-სათავგადასავლო მარშრუ ...

მარშრუტის ტიპი: საფეხმავლო, საცხენოსნო, საველოსიპედე, საავტომობილო (4/4)მარშრუტის სირთულე:  საშ ...

ღორჯომის ხეობა - მთა ლეკნ ...

მარშრუტის სირთულე: საავტომობილოდ - რთული (4x4); საფეხმავლოდ - საშუალომარშრუტის ტიპი: საფეხმავლო, საც ...

ღვინის ტური აჭარაში

    მარშრუტის დასაწყისი: სოფელი აჭარისწყალი  მარშრუტის სიგრძე ბათუმიდან   ...

სამთო-სათხილამურო კურორტი ...

მდებარეობა: აჭარა, ხულომანძილი ბათუმიდან: 115 კმმანძილი ხულოდან: 25 კმზღვის დონიდან : 2 000 მმაქსიმა ...