პარკში არის ორი სხვადასხვა სირთულის ტურისტული ბილიკი:
ბილიკი №1 „წაბლნარი“
მარშრუტის ტიპი - საფეხმავლო
პერიოდი: მაისი - ოქტომბერი
წრიული ბილიკის სიგრძე - 7კმ
სიმაღლე ზღვის დონიდან - 260 - 445 მეტრი
სირთულე - მარტივი
წაბლნარის წრიული ბილიკი იწყება ვიზიტორთა ცენტრიდან და მიუყვება მდინარე ჩაქვისწყლის ხეობას. ბილიკის დასაწყისში გვხვდება მექანიკური საბაგირო, რომლის საშუალებითაც გადახვალთ მდინარის მეორე ნაპირზე და გზას ჩანჩქერის მიმართულებით განაგრძობთ. მარშრუტის ამ მონაკვეთზე უხვად შეგხვდებათ როდოდენდრონის ბუჩქები, რომლის ყვავილობაც ულამაზესი სანახაობაა. 1,5 კმ-ის გავლის შემდეგ გვხვდება ზიპ-ლაინი, სადაც ექსტრემალური გართობის მოყვარულებს შეუძლიათ დაეშვან ხეებზე გაბმულ ბაგირებზე. ზიპ-ლაინიდან რამდენიმე მეტრში გზა იყოფა ორი მიმართულებით: თუ მხოლოდ ტბასთან აპირებთ მოხვედრას, შეუხვევთ მარცხნივ, ხოლო თუ ჩანჩქერის მონახულებაც გსურთ, გზას გააგრძელებთ მარჯვნივ და 1,5 კმ-ს გავლის შემდეგ მოხვდებით ჩანჩქერთან, რომლის სიმაღლეც 15 მეტრს აღემატება. უკან დაბრუნებისას, ჩანჩქერიდან ერთი კილომეტრის გავლის შემდეგ, მოხვდებით ტბასთან, სადაც მოწყობილია საპიკნიკე ადგილი შესაბამისი ინფრასტრუქტურით. აქ შეძლებთ მოაწყოთ პიკნიკი ველურ ბუნებაში, დაანთოთ ცეცხლი და იბანაოთ ტბაში.
ბილიკი №2 ცივწყარო
მარშრუტის ტიპი - საფეხმავლო
ხანგრძლივობა - 2 დღე
პერიოდი ივნისი - სექტემბერი
წრიული მარშრუტის სიგრძე - 16 კმ
სიმაღლე ზღვის დონიდან - 260-1250 მეტრი
სირთულე- საშუალო
ცივწყაროს ბილიკი წაბლნარის ბილიკთან შედარებით უფრო რთულია და ხანგრძლივი ლაშქრობის მოყვარულთათვის არის განკუთვნილი. ორდღიანი მარშრუტი იწყება ვიზიტორთა ცენტრიდან და ზღვის დონიდან 1,250 მ-ზე სრულდება . ბილიკის დასაწყისში გაივლით კოლხური ტიპის ფართოფოთლოვან შერეულ ტყეს. მრავალფეროვანი მცენარეული საფარის გარდა, ბილიკზე მურა დათვის, შველის, კვერნის, მაჩვის, არჩვისა და ცხოველთა სამყაროს სხვა წარმომადგენელთა ნაკვალევსაც წააწყდებით.
მარშრუტის გავლისას, გზად გხვდებათ ბუნებრივი წყაროები. ბილიკის მე-9 კმ.-ზე ვიზიტორებისათვის 8 ადგილიანი ტურისტული თავშესაფარია მოწყობილი. აქვეა ცეცხლის დასანთები და საპიკნიკე ადგილები. ბილიკის ბოლო ნაწილში ტყის 70% წიფლნარია. რეკომედებულია მარშრუტზე რეინჯერთან ან გიდთან ერთად მოგზაურობა.
ეროვნული პარკები და ბაღები ქობულეთი
ეროვნული პარკები და ბაღები ქობულეთი