ბათუმს ჭეშმარიტად შეიძლება ეწოდოს მუზეუმების ქალაქი- რომელიც მსოფლიო ისტორიის მნიშვნელოვან მოვლენებს ექსონატების საშუალებით გვიყვება და ნათელ წარმოდგენას გვიქმნის სახელწიფოებისა და უკვე არ არსებული იმპერიების შესახებ.  ბათუმში სამუზეუმო საქმეს 1908 წლის 19 მარტიდან ჩაეყარა საფუძველი,  როდესაც საქალაქო საბჭოს 28 ხმოსნის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მასწავლებელთა და საზოგადო მოღვაწეთა ინიციატივა - დაეარსებინათ სასკოლო მუზეუმი. მის პირველ გამგედ პუშკინის სახელობის საქალაქო სასწავლებლის ხელგარჯილობის მასწავლებელი ნიკოლოზ გომანი დაინიშნა. მუზეუმი მდებარეობდა ვოზნესენსკისა და ოლღას (ამჟამად, პ.მელიქიშვილისა და ვ.გორგასალის) ქუჩების კვეთაში. 1910 წლიდან მუზეუმი განთავსდა  საქალაქო საბჭოს შენობაში. 1912 წლიდან მუზეუმის სტატუსი გაიზარდა და საქალაქო მუზეუმად ჩამოყალიბდა. 1924 წლიდან იწოდებოდა „აჭარის მხარეთმცოდნეობის მუზეუმად“, ხოლო 1943 წლიდან მუზეუმს ეწოდა „აჭარის სახელმწიფო მუზეუმი“. 1957 წელს მუზეუმის ძველ შენობაზე დაშენდა მეორე სართული, სადაც დღემდე ფუნქციონერებს ხარიტონ ახვლედიანის სახელობის აჭარის მუზეუმი.

მუზეუმის სათავეებთან დგას სპეციალობით ბუნებისმცოდნე, წარმოშობით გერმანელი ნიკოლოზ გომანი. იგი ბევრს მოგზაურობდა აჭარის სოფლებში, აგროვებდა ადგილობრივი ყოფის ამსახველ საგნებს, მინერალებსა და ფლორის ნიმუშებს. იღებდა ფოტოებს, აკეთებდა ფიტულებს. მან შექმნა ეთნოგრაფიული და გეოლოგიური კოლექციები. მისი ძალისხმევით 1916 წელს, მუზეუმს პეტერბურგის მულიაჟების ქარხნიდან საჩუქრად გადაეცა აღმოსავლური და ეგვიპტური ნივთების ასლები - მუზეუმის პირველი ექსპონატები.

გომანის შემდეგ 1938 წელს მუზეუმის დირექტორად გამოჩენილი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე ხარიტონ ახვლედიანი (1904-1992) დაინიშნა. მის სახელთანაა დაკავშირებული მუზეუმის, როგორც სამხარეთმცოდნეო, სამეცნიერო-საგანმანათლებლო დაწესებულების განვითარება-განმტკიცება. 2005 წლიდან მუზეუმი ხარიტონ ახვლედიანის სახელს ატარებს. ხარიტონ ახვლედიანი 1938-1989 წლეებში იყო მუზეუმის დირექტორი და სამუზეუმო საქმის ფუძემდებელი აჭარაში.

რამდენადაც ძველია ხარიტონ ახვლედიანის მუზეუმი, იმდენად ძველია ბიბლიოთეკა, რომელიც ამ მუზეუმთან არსებობს. მუზეუმის ბიბლიოთეკაში ინახება 63000 წიგნი სხვადასხვა ენებზე. მათ შორის ბევრი ბიბლიოგრაფიული იშვიათობაა.

 თანამედროვეობაში მუზეუმი და ქუჩა სადაც მუზეუმი მდებარეობს დამსახურებულად ატარებს ხარიტონ ახვლედიანის სახელს. ამჟამინდელი მონაცემებით სსიპ. აჭარის მუზეუმის ხარიტონ ახვლედიანის მუზეუმში დაცულია 180-ათასამდე ექსპონატი: უნიკალური ნივთები, კოლექციები, ფოტოები, ხელოვნების ნიმუშები, მუზეუმის ოქროს საგანძურებში თავმოყრილია ასზე მეტი დასახელების ნივთი. ხელნაწერთა ფონდში დაცულია 2000-ზე მეტი იშვიათი ხელნაწერი ქართულ, რუსულ, სომხურ, არაბულ, თურქულ, სპარსულ და სხვა ენებზე. მრავალ საგანძურთა შორის გამორჩეულია წყლისა და ღვინის გასაზავებელი ჭურჭელი - კრატერი, რომელიც 1967 წ. ქობულეთის რაიონში, ფიჭვნარის არქეოლოგიური გათხრების შედეგად იქნა აღმოჩენილი. იგი ბერძნული მონუმენტური მხატვრობის ერთ-ერთ ბრწყინვალე ნიმუშს წარმოადგენს და მასზე გამოსახულია ელენეს გატაცების სცენა. კრატერი ნიობიდების მხატვარს მიეწერება და ძვ.წ. V საუკუნის მეორე მეოთხედით თარიღდება. მოხატულია მოხატვის წითელფიგურული ტექნიკით. ნიობიდების მხატვრის სხვა ნამუშევართაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია იტალიის ქალაქ სპინაში აღმოჩენილი ოთხფრიზიანი კრატერი, რომელიც ახლოს დგას ფიჭვნარის კრატერთან (ინახება ფერარას მუზეუმში - იტალია). მსგავსი კრატერი აღმოჩენილია ორვიეტოში და დაცულია ლუვრის მუზეუმში. ფიჭვნარის კრატერთან მიახლოებულია ალტამურაში აღმოჩენილი კრატერიც. ხარიტონ ახვლედიანის მუზეუმი არაერთ საინტერესო ექსპონატს ინახავს, მათ შორის მნიშვნელოვანია ბუნების ისტორიული ძეგლები, გეოლოგიური კოლექციები, მინერალები, ჩლიქოსანთა რქების კოლექცია, სიფრიფანა ფრთოსანთა კოლექცია (პეპლები). მეტად საინტერესოა ექსპონატები, რომლებიც საერთაშორისო წითელ წიგნშია შესული. ესაა გოდერძის გაქვავებული ტყის ნიმუშები. მათგან აღსანიშნავია გიგანტური ვაზის გაქვავებული მერქანი, ასევე არსიანის ქედიდან ჩამოტანილი გიგანტური ხის ოპალიზებული ნიმუში. მშვნელოვანია მუზეუმის ფონდში დაცული წერილობითი წყაროები, დაახლოებით 6000-მდე ერთეული, მათ შორისაა მსოფლიო მნიშვნელობის ხელნაწერები.

ბათუმის სამუზეუმო ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეტაპი 2018 წლიდან იწყება, როცა ჩამოყალიბდა სამუზეუმო გაერთიანება სსიპ. აჭარის მუზეუმის სახით. მასში გაერთიანდნენ: თავად ხარიტონ ახვლედიანის სახელოების აჭარის მუზეუმი, ბათუმის ხელოვნების მუზეუმი, ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი და ძმები ნობელების სახელობის ბათუმის ტექნოლოგიური მუზეუმი. აღსანიშნავია, რომ ხარტონ ახვლედიანის მუზეუმის ფილალებია: ილია ჭავჭავაძის სახელობის მუზეუმი, მემედ აბაშიძის სახელობის მუზეუმი და რელიგიის მუზეუმი.

აჭარის და არა მარტო აჭარის ისტორიის, ტრადიციული კულტურისა და ყოფის გასაცნობად ხარიტონ ახვლედიანის მუზეუმი ნამდვილად საინტერესო რესურსია, რომელიც დაინტერესებულ მნახველს გულგრილად არ ტოვებს.

შესვლის ღირებულება:

ზრდასრულები: 6 ლარი;

ბავშვები 6-დან 14 წლამდე: 1 ლარი

6 წლამდე: უფასო;

პენსიონერები: 1,5 ლარი;

გიდის მომსახურება: 15 ლარი


საკონტაქტო ინფორმაცია:
4, ახვლედიანის ქ., ბათუმი
www.ajaramuseums.ge
(+995) 422 27 11 75 , (+995) 593 61 78 95
khariton@ajaramuseums.ge

დამატებითი ინფორმაცია:
10:00-18:00
გაზიარება