ხიხანის ციხე, იგივე ხირხათის ციხე ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზედათხილვანაში, ზღვის დონიდან 2236 მეტრზე მდებარეობს.
ციხე სტრატეგიულად მოხერხებულ ადგილას მდებარეობს. ოთხივე მხრიდანბუნებრივად დაცული და ზღუდეებით გამაგრებულია და მხოლოდ ერთიმხრიდან, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან მისასვლელად გააჩნია საცალფეხობილიკი.
არქეოლოგია:
ხიხანის ციხე, რომელიც სამხედრო დანიშნულების ნაგებობას წარმოადგენდა, XI-XIII საუკუნეების ძეგლს განეკუთვნება. ციხეების კომპლექსი 1 ჰექტარი მიწის ნაკვეთზეა გაშენებული. არქეოლოგიური გათხრებით დადასტურდა, რომციხესიმაგრის ტერიტორიაზე იდგა ძველი გალავანი, 4 კოშკი, X-XIII საუკუნეების სასახლე, ეკლესია, ჭა და 43 ქვევრიანი მარანი. ეს უკანასკნელი თურქებმა 1191 წელს გაანადგურეს, ახალი, 28 ქვევრიანი მარანი კი ტბელ აბუსერისძემ XIII საუკუნის 20-იან წლებში ააგო. ციხესიმაგრის ტერიტორიაზე აღმოჩენილია, ასევე, XVII-XVIII საუკუნის საცხოვრებელი ნაგებობები და 1815 წელს გამართული ბრძოლის ნაშთები, კერძოდ, სამი სხვადასხვა კალიბრის ზარბაზნის ჭურვები.
ისტორია:
ხიხანის ციხის აშენების ზუსტი თარიღი უცნობია, რადგან ამის შესახებ ისტორიულ წყაროებში ინფორმაცია არ მოიპოვება. მეცნიერთა ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ ის X-XIII საუკუნეებშია აშენებული. ამ ვარაუდის სიმყარეს ის ფაქტიც ადასტურებს, რომ ისტორიულ დოკუმენტებში, ხიხანის ციხის მშენებლობის დასრულების მოვლენებში ფიგურირებს და დიდ როლს ასრულებსტბელ აბუსერისძის მეუღლე - ბაგულა.
XI-XVI საუკუნეებში ხიხანის ციხე აჭარის ერისთავთერისთავ აბუსერისძეთა მთავარი რეზიდენცია იყო. ამ გვარის თვალსაჩინო წარმომადგენელი გახლდათ XIII საუკუნის ცნობილი მეცნიერი ტბელ აბუსერისძე - ქართველი პროზაიკოსი, ჰიმნოგრაფი, მწიგნობარი და ასტრონომი. ხიხათის (აჭარის) ერისთავთერისთავები - აბუსერისძეები სამეფო კართანდაახლოებული გვარი ყოფილა. ეს იყო საგვარეულო, რომელიც მუდამ ერთგულად ემსახურებოდა მეფეს და მასთან ერთად იბრძოდა ერთიანი საქართველოს გაძლიერებისთვის. XI საუკუნის პირველ ნახევარში ხიხანის ციხესთან ერთად, აბუსერისძეები ფლობდნენ სამ მნიშვნელოვან ციხეს - არტანუჯს, ციხის ჯვარსა და აწყურის ციხეს.
1191 წელს ციხესიმაგრე გუზან აბულასანისძის მომხრეებმა მიიტაცეს და თურქებს გადასცეს. თამარ მეფისა და დავით-სოსლანის ბრძანებით, ხიხანი მტრისგან აბუსერ და სანანო აბუსერისძეებმა გამოიხსნეს. ხვარაზმელთა შემოსევის დროს ციხესიმაგრის ბოლო გრანდიოზულ მშენებლობას ტბელ აბუსერისძე ხელმძღვანელობდა, რომელმაც არა მარტო აღადგინა, გააფართოვა კიდეც ხიხანის წმ. გიორგის ეკლესია და ნანგრევებად ქცეული მარანი. XVI საუკუნეში ოსმალთა შემოსევების შემდეგ, ციხესიმაგრე და ეკლესია დაცარიელდა. ეკლესიიდან გადარჩენილ რელიქვიათა შორისაა ტბელ აბუსერისძის ხელნაწერიც (A-85, 1233 წ.). 1815 წელს ხიხანის ციხესიმაგრეში გამაგრდა ახალციხის ფაშა სელიმ ხიმშიაშვილი, რომლის წინააღმდეგოსმალეთმა 15 ათასიანი ჯარი მოავლინა. 3 ივნისს ციხესიმაგრე დაეცა. სელიმ ხიმშიაშვილი ოსმალებმა შეიპყრეს და თავი მოკვეთეს, მაგრამ მისი ანდერძი„საქართველო ოსმალეთს სამუდამოდ არ შერჩებაო“ მალე აღსრულდა და 1878 წელს აჭარა საქართველოს დაუბრუნდა.
ლეგენდები და თქმულებები:
გადმოცემის მიხედვით, ხიხანის ციხეს ბევრი საიდუმლო მიწისქვეშა გზა ჰქონია, რომელთა საშუალებით ციხეში გამაგრებულები ბლოკადის ან სხვა საგანგებო მდგომარეობის დროს გარესამყაროს უკავშირდებოდნენ, მათ შორის: მდინარეს,საიდანაც წყალს იღებდნენ, მეზობელ რეგიონებს - ფოცხოვსა და სამცხეს, ყველის ციხეს, ასევე ზარზმისა და სხალთის მონასტრებს.
ტექნიკური ინფორმაცია:
ხიხანის ციხეს ყოველწლიურად რამდენიმე ათასი ტურისტი სტუმრობს. ბათუმიდან ხიხანის ციხემდე 125 კილომეტრიანი გზაა, რომელიც მთლიანად მოწესრიგებულია და გადაადგილება ნებისმიერი ტიპის მანქანითაა შესაძლებელი. მხოლოდ ციხემდე მისასვლელი ერთკილომეტრიანი აღმართიაფეხით გასავლელი, რომელსაც ახლახანს ჩაუტარდა რეაბილიტაცია. ბილიკი მთლიანობაში 254 საფეხურს ითვლის, საკმაოდ ციცაბოა, მაგრამ ყველაზე რთულ ადგილებში სხვადასხვა სიგრძის 14 კიბითაა აღჭურვილი, რაც საკმაოდ ამარტივებს გადაადგილებას. მიუხედავად ამისა, გზის დასაძლევად ფიზიკური მზაობაა საჭირო, რადგან ადამიანზე გარკვეულ ზემოქმედებას ახდენს სიმაღლის მკვეთრი ცვალებადობა. ციხისკენ მიმავალ ბილიკზე შეგხვდებათ მოსასვენებელი სკამები, ფანჩატური და გადმოსახედი პლათფორმები, საიდანაც ულამაზესი და დაუვიწყარი ხედები იშლება მთლიან ხეობაზე.
როგორ მოვხვდეთ:
მიკროავტობუსი ბათუმი- ხიხაძირი,ფასი :8 ლარი
მის: ბათუმის ძველი ავტოსადგური, მაიაკოსვსკის ქ. №1 / ტაქსი, ფასი 70-100 ლარი. სოფელ ხიხაძირიდან ხიხანის მთის ძირამდე 8 კილომეტრიანი გზის გაგრძელება მოგიწევთ ფეხით ან დაიქირავებთ მაღალი გამავლობის ავტომობილს (ღირებულება 50-60 ლარი). შეჩერდებით საპიკნიკე ადგილზე, სადაც შეისვენებთ, წყაროზე წყალს მოიმარაგებთ და 1.5 კილომეტრიან გზას გააგრძელებთ ვიწრო ბილიკზე ციხის მიმართულებით.