გეოგრაფიული არეალი: საერთო ტრადიციული კერძები

საქართველოს კუთხეთაგან მხოლოდ აჭარისთვისაა დამახასიათებელი ხაჭაპურის კიდევ ერთი სახეობა - აჩმა. თავისი კონსტრუქციით იგი ძალიან წააგავს იტალიურ ლაზანიას, რადგან ფენებად დალაგებული ცომის, ყველისა და კარაქის კომბინაციას წარმოადგენს, მაგრამ სრულიად უნიკალური გემოთი გამოირჩევა და აჭარაში გავრცელებულ ხაჭაპურის ერთ-ერთ ყველასათვის საყვარელ სახეობას წარმოადგენს. აჩმის მომზადება საკმაოდ შრომატევადი და რთული საქმეა. აჩმის ცომის ფენებს და ყველს რიგ-რიგობით აფენენ სპილენძის ღრმა საცხობ ფორმაში, რომელიც ქობულეთში საღანის სახელითაა ცნობილი. ამიტომ  აჩმას აქ საღან-მაკარინას ეძახიან.

ინგრედიენტები:

ფქვილი - ერთი კილოგრამი

ყველი - ერთი კილოგრამი

კარაქი - 300 გრამი

კვერცხი - 4 ცალი

წყალი - ჭიქა ნახევარი

მომზადების წესი:

მოვზილოთ მაგარი ცომი. დავყოთ 8-10 ნაწილად. თითოეული ფენა რიგ-რიგობით  გავიყვანოთ ძალიან თხლად. პირველი და ბოლო ფენის გარდა, ყველა ფენა 2-3 წუთით ჩავუშვათ მდუღარე მარილწყალში, ცივი წყალი გავავლოთ და საცხობ ფორმაში ჩავაფინოთ. თითოეულ ფენას გადავუსვათ გამდნარი კარაქი, ხოლო შუა ფენაზე სქლად მოვაყაროთ დაფშვნილი ყველი. ბოლო, მოუხარშავ ფენას წავუსვათ გამდნარი ცხიმი. აჩმა დავჭრათ ნაჭრებად და გამოვაცხოთ.

გაზიარება