დღესდღეობით ტურიზმი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სფეროა მსოფლიოში. ბოლო პერიოდში საკმაოდ ტენდენციური გახდა, რომ ქვეყანაში შემოსულ ვიზიტორთა უმეტესი ნაწილი ბუნებას, ჯანსაღ გარემოს, ტრადიციების, გასტრონომიის, კულტურისა და ისტორიის გაცნობას ითხოვს. ყველა ეს კომპონენტი ქმნის სწორედ სოფლის ტურიზმს.
აჭარის მდიდარი და მრავალფეროვანი ბუნება, უნიკალური ტრადიციები და კულტურა, ავთენტური გარემო, კულინარია და სტუმართმოყვარე მოსახლეობა სოფლად ტურიზმის განვითარების საუკეთესო პირობებს ქმნის. დაცული ტერიტორიები და აჭარის მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტები ყველა ტიპის მოგზაურისთვის საინტერესო და მიმზიდველია. მაღალმთიან აჭარაში მოგზაურობით დაინტერესებულ ვიზიტორთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება.
სოფლის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენციის თემებიც სწორედ სოფლის ტურიზმის განვითარების პერსპექტივებს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ხალხის მოზიდვასა და სოფლის ტურიზმის მიმართულებით მათ დაინტერესებას ეხება. ასევე ძირითადი მიზანია სოფლის ტურიზმში ჩართული ადამიანების, მეწარმეების, საჯარო და კერძო სექტორების წარმომადგენელთა შეხვედრა-დისკუსია.
კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ექსპერტები, საოჯახო სასტუმრო სახლების მეპატრონეები, ტურისტული სააგენტოები, სოფლისა და ეკო ტურიზმის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები და უწყებები. კონფერენციის ფარგლებში 2 დღის განმავლობაში იმართება პრეზენტაციები, მოხსენებები, სემინარები და დისკუსიები, ეწყობა გაცნობითი და პრაქტიკული ვიზიტები აჭარის რეგიონის ტურისტულ მარშრუტებზე.
კონფერენციაში მონაწილეობა უფასოა. აუცილებელია ელექტრონული რეგისტრაცია. კონფერენციაზე უცხოელი და ქართველი მომხსენებლების მოწვევა ხდება ინდივიდუალურად.
კონფერენციის თემა ყოველწლიურად განახლებადია. სოფლის ტურიზმის კონფერენცია აჭარაში უკვე სამჯერ ჩატარდა.
მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, ნებისმიერი შესაძლო რისკის თავიდან აცილების მიზნით 2020 და 2021 წლებში სოფლის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია არ ჩატარდა.
კონფერენციის ჩატარების შესახებ ინფორმაცია ეტაპობრივად განახლდება ვებ-გვერდზე www.batumiruralconf.com