აჭარა განსაკუთრებით ანებივრებს რეგიონში ჩამოსულ სტუმრებს ფესტივალებითა და სხვადასხვა კულტურულ-გასართობი ღონისძიებით. ერთ-ერთი ასეთი ფესტივალი, რომელიც განსაკუთრებული მოწონებითა და პოპულარობით სარგებლობს, სწორედ ზაფხულის სეზონის გახსნაა სლოგანით „ზაფხული იწყება აქ“ .

ზაფხულის ფესტივალი ყოველწლიურად იმართება ივნისის დასაწყისში და ადგილობრივებსა და დამსვენებლებს ამცნობს, რომ ბათუმი და მთლიანად აჭარა  მზადაა საზღვაო სეზონისთვის. 

ფესტივალის დღეს, ზღვის სანაპირო და მიმდებარე ტერიტორია მორთულია ფერადი და ზაფხულის შესაფერისი, ხალისიანი დეკორაციით, მანიშნებლებითა და განათებებით. სპეციალურად ამ დღისთვის მოწყობილი სცენიდან  ადგილობრივი და მოწვეული ბენდები თუ დიჯეები  მთელი დღის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში ზრუნავენ ფესტივალის სტუმრების მუსიკალურ განწყობაზე.

კონცერტის პარალელურად მიმდინარეობს სხვადასხვა საზაფხულო აქტივობა თუ შეჯიბრება: მაგიდის ტენისი, ქვიშის ფრენბურთი, Beer Pong და ა.შ. გარდა ამისა, ბავშვებისთვის განკუთვნილია სპეციალური კუთხე, სადაც ანიმატორები უამრავ საინტერესო თამაშსა და გასართობს უმზადებენ ფესტივალის ყველაზე პატარა სტუმრებს.

ტერიტორია გარშემორტყმულია ბუნგალოს ტიპის ღია კაფე-ბარებით, სადაც შესაძლებელია სხვადასხვა სახის საზაფხულო გემრიელობების, უალკოჰოლო თუ ალკოჰოლიანი სასმელების დაგემოვნება.

შოუ-პროგრამა ყოველწლიურად განახლებადი და განსხვავებულია და მთავარი მიზანია  საზაფხულო, საზღვაო და მხიარული განწყობის შექმნა, რასაც ბათუმი მთელი სეზონის განმავლობაში სთავაზობს სტუმრებს.

გაზიარება