აჭარა რეგიონში ჩამოსულ სტუმრებს განსაკუთრებულად ანებივრებს ფესტივალებითა და სხვადასხვა კულტურულ-გასართობი ღონისძიებით. ერთ-ერთი ასეთი ფესტივალი, რომელიც განსაკუთრებული მოწონებითა და პოპულარობით სარგებლობს, ზაფხულის სეზონის გახსნაა, სლოგანით — „ზაფხული იწყება აქ“ .
ზაფხულის ფესტივალი ყოველწლიურად იმართება ივნისის დასაწყისში და ადგილობრივებსა და დამსვენებლებს ამცნობს, რომ ბათუმი და მთლიანად აჭარა მზადაა საზღვაო სეზონისთვის.
ფესტივალის დღეს, ზღვის სანაპირო და მიმდებარე ტერიტორია ორი დღის განმავლობაში მორთულია ფერადი და ზაფხულის შესაფერისი, ხალისიანი დეკორაციით. ირგვლივ განლაგებულია მოსასვენებელი ლაუნჯები და მზის ქოლგები. სპეციალურად ამ დღისთვის მოწყობილი სცენიდან ადგილობრივი და მოწვეული ბენდები თუ დიჯეები მთელი დღის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში ზრუნავენ ფესტივალის სტუმრების მუსიკალურ განწყობაზე.
ბავშვებისთვის განკუთვნილია სპეციალური კუთხე, სადაც ანიმატორები უამრავ საინტერესო თამაშსა და გასართობს უმზადებენ ფესტივალის ყველაზე პატარა სტუმრებს.
ტერიტორია გარშემორტყმულია ბუნგალოს ტიპის ღია კაფე-ბარებით, სადაც შესაძლებელია სხვადასხვა სახის საზაფხულო გემრიელობების, უალკოჰოლო თუ ალკოჰოლიანი სასმელების დაგემოვნება.
ღონისძიების შოუ-პროგრამა ყოველწლიურად განახლებადი და განსხვავებულია. ფესტივალის მთავარი მიზანია საზაფხულო, საზღვაო და მხიარული განწყობის შექმნა, რასაც ბათუმი მთელი სეზონის განმავლობაში სთავაზობს სტუმრებს.