ბადრიჯანს საპატიო ადგილი უჭირავს ქართულ კულინარიაში. ამ ბოსტნეულს მრავალი სახით ამზადებენ: შემწვარს, მოხარშულს, დამწნილებულს, მოწალულს, ნიგვზით, პომიდვრის სოუსით, ნედლი მწვანილით, ხმელი სანელებლებით, ნივრით, წიწაკით, ცხლად მისართმევს თუ ცივად... თუმცა, ბადრიჯანი ქობულეთურად ის კერძია, რომელსაც ნიგოზიც სჭირდება, პომიდვრის სოუსიც, ნედლი ქინძიც და ხმელი სუნელიც, ცხლადაც გემრიელია და ცივადაც!
ინგრედიენტები:
ბადრიჯანი - 1 კგ
ხახვი - 3 ცალი
პომიდორი - 4 ცალი
ნიორი - 5-6 კბილი
ბულგარული წიწაკა - 3 ცალი
ნიგოზი - 200 გრ
ხმელი ქინძი - 1 ჩაის კოვზი
ნედლი ქინძი - 1 პატარა კონა
წიწაკა, მარილი - გემოვნებით
მომზადების წესი:
პატარა ზომის, გრძელი ბადრიჯნები ჩავჭრათ შუაში. ხუთი წუთის განმავლობაში მოვწალოთ ადუღებულ, მარილიან წყალში, შემდეგ ამოვიღოთ, ფრთხილად დავწუროთ ხელით ან თუშფალანგზე მოვათავსოთ და სიმძიმე დავადოთ, რათა ზედმეტი სითხისგან დაიწუროს. ამოვავსოთ შემდეგი რეცეპტით დამზადებული სატენით: გატარებულ ნიგოზს შევურიოთ დანაყილი ან გატარებული ნიორი, ხმელი ქინძი, წიწაკა და მარილი გემოვნებით. სატენიანი ბადრიჯანი ზეთში შევწვათ კარგად, ყველა მხრიდან, შემწვარი ბადრიჯნები მჭიდროდ ჩავაწყოთ ტაფაში და მოვასხათ ზეთში მოშუშული ხახვი, ბულგარული წიწაკა და დაქუცმაცებული, კანგაცლილი პომიდორი. აქვე შეიძლება მოვასხათ მორჩენილი ნიგვზიანი სუნელი და დახურულ ტაფაში დაბალ ცეცხლზე ვშუშოთ ხუთი-ათი წუთის განმავლობაში.