გეოგრაფიული არეალი: აჭარის ზღვისპირეთი

როგორ ფიქრობთ, რით აფასებდნენ ქობულეთლები ახალ პატარძალს? გარეგნობით, ხასიათით, შრომისმოყვარეობით? რა თქმა უნდა, ყველა ეს თვისება უნდა ჰქონოდა, მაგრამ ყველაზე მთავარი ის იყო, როგორ იახნს ამზადებდა. პატარძლის პირველი გამოცდა, სწორედ პირველი იახნის მომზადებისას ხდებოდა და თუ ეს კერძი პატარძალს გემრიელი, ზომიერად შესქელებული, ოქროსფერი გამოუვიდოდა და თანაც არ აეჭრებოდა, გამოცდა ჩაბარებული იყო! „კარგ ქალობას იზამსო!“ - დაასკვნიდნენ იახნის შემმოწმებელი ხანდაზმული ქალები.

მომზადების წესი:

საქონლის მკერდის დაჭრილი მსუქანი ნაჭრები  წყლით დავფაროთ და ვხარშოთ. დროდადრო მოვხადოთ ქაფი. ხორცი რომ მოიხარშება,  ბულიონი გადმოვწუროთ, დავაყაროთ წვრილად დაჭრილი ხახვი და სრულ მზადყოფნამდე ვშუშოთ. ბულიონში გავხსნათ კარგად დანაყილი ნიგოზი, ნიორი, ხმელი სუნელი, წიწაკა, მარილი და დავასხათ ჩაშუშულ ხორცს. სულ ბოლოს ჩავამატოთ მოშუშული ხახვი და ბლომად ზაფრანი. წამოვადუღოთ და გადმოვდგათ ცეცხლიდან.

გაზიარება