გეოგრაფიული არეალი: საერთო ტრადიციული კერძები

ბაქლავა და ბურმე ყველაზე ცნობილი აჭარული დესერტი და, შეიძლება ითქვას, აქაური სამზარეულოს ერთგვარი სავიზიტო ბარათიცაა. აჭარელი დიასახლისები დიდად დახელოვნებულნი არიან ამ უტკბესი, წვნიანი, ნიგვზიანი ნუგბარის დამზადებაში, სტუმრებიც ყოველ ჯერზე დიდი სიამოვნებით იკოკლოზინებენ პირს, თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ აჭარაში ამ აღმოსავლურ ტკბილეულზე არანაკლებ გემრიელი ნამცხვარიც მზადდება, რომელსაც ქობულეთში ჩაფენილ ბორეგს, მთიან აჭარაში კი - ყირყიტონა ბორეგს ეძახიან. ამ ტკბილეულს ბაქლავასავით თხელი და მსუბუქი ფენები არ აქვს, მაგრამ მასავით ტკბილი, გემრიელი და ყუათიანია! ხშირად გაიგონებთ აქაური გურმანებისგან, რომ ბაქლავას ჩაფენილი ბორეგი ურჩევნიათ. მართლაც, ეს დესერტი პირველივე ლუკმიდან მოიგებს თქვენს გულს და ხშირადაც მოგინდებათ მისი დაგემოვნება.

ინგრედიენტები:

ფქვილი

კვერცხი

ერბო

რძე

მომზადების წესი:

ჩაფენილი ბორეგი

პურის ფქვილი მოვზილოთ, დავანაწილოთ გუნდებად და ფენებად გავიყვანოთ. ცალკე, ერბოში მოვხალოთ მჭადის ან პურის ფქვილი, შევურიოთ შაქარი და დანაყილი ნიგოზი. თითოეულ ფენას მოვაყაროთ გულსართი და დავახვიოთ. ხვეულები მრგვლად ჩავაფინოთ ბორეგ-სინში (სპილენძის სინი), შეივსება თუ არა, თავზე მომწვარ ერბოში შერეული წყალი ან რძე მოვასხათ და ღუმელში შევდგათ. როგორც კი თავი მოუწითლდება, ბორეგი მზადაა. ცხელივე დავჭრათ პატარა ულუფებად.

ყირყიტონა ბორეგი

პურის ფქვილის ცომი გავაბრტყელოთ, თხელ ფენად გავიყვანოთ, მოვაყაროთ შაქარი და ნიგოზი. დავახვიოთ ოქლაოზე - ცომის გასაყვან ჯოხზე, მივჭმუჭნოთ და ოქლაო გამოვაძროთ. გამზადებული ხვეულები ჩავაწყოთ სინში და ღუმელში გამოვაცხოთ. ცხელსვე მოვასხათ ცივი სიროფი.

გაზიარება