გეოგრაფიული არეალი: აჭარის ზღვისპირეთი

საქართველოში ხაჭაპურის ნაირსახეობით ვერავის გააკვირვებ. მათთვის დამახასიათებელ, ერთმანეთისგან განსხვავებულ ხაჭაპურს აცხობენ არა თუ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, ბევრ შემთხვევაში სხვადასხვა სოფელშიც კი. ყველა კუთხის ხაჭაპური განსხვავებული ტექნოლოგიით მზადდება, სხვადასხვაგვარი გემო, ფორმა და გულსართი აქვს, ყველსაც კი განსხვავებულს იყენებენ, მაგრამ აჭარული ხაჭაპური ყველა მათგანისგან განსხვავებულია. ეს არის ნავის ფორმის, ყველითა და ცხიმით სავსე, კვერცხჩახლილი უგემრიელესი ხაჭაპური, რომლის ავტორობასაც აჭარლებიც იჩემებენ და ლაზებიც.

ლაზები ამბობენ, რომ აჭარული ხაჭაპური პირველად ლაზი მეთევზისათვის მისართმევად მოამზადა მოყვარულმა მეუღლემ და კარგი ამინდის დასაბედებლად, მზის სიმბოლოდ, კვერცხის გულიც ჩაახალაო. აჭარლებს კი მთავარ არგუმენტად თავად ამ ხაჭაპურის დასახელება მოჰყავთ.

მაგრამ ვისი მოგონილიც არ უნდა იყოს ეს ორიგინალური ფორმის ხაჭაპური, დღეს აჭარის სავიზიტო კერძადაა ქცეული და ერთნაირად უყვართ აჭარლებსაც, ლაზებსაც და ამ კუთხის სტუმრებსაც.

ინგრედიენტები:

ფქვილი - 500 გრამი

საფუარი - 2 ჩაის კოვზი

თბილი წყალი ან რძე - 150 გრამი

შაქარი , მარილი - ერთი ჩაის კოვზი

ზეთი - 50 გრამი

ყველი - 300 გრამი

კვერცხი - 2 ცალი

კარაქი - 50 გრამი

მომზადების წესი:

საფუარი გავხსნათ თბილ წყალში, დავუმატოთ შაქარი და აფუებამდე გავაჩეროთ. მიღებული მასა ჩავასხათ ფქვილში, დავამატოთ მარილი, ზეთი და ცომი მოვზილოთ. ცომის გუნდა გადავიტანოთ თასში, დავაფაროთ თავზე და გავაჩეროთ რამდენიმე საათით, ცომის ამოსვლამდე. ამოსული ცომი პატარ-პატარა გუნდებად დავყოთ, ტილო გადავაფაროთ და ცოტა ხანს კიდევ „დავასვენოთ“. მოვამზდოთ გულსართი: მსხვილად დავფშვნათ უმარილო ყველი, შევურიოთ მცირეოდენი რძე ან წყალი და ფქვილი. დასვენებული ცომის გუნდა გავიყვანოთ, მივცეთ ნავის ფორმა, გულში მოვათავსოთ 2-3 სუფრის კოვზი ყველის მასა და გახურებულ ღუმელში გამოვაცხოთ. უკვე მზა ხაჭაპურის გულში კვერცხი ჩავახალოთ და კვლავ ღუმელში შევდგათ 1-2 წუთით. გამომცხვარ ხაჭაპურს გულში დავუმატოთ კარაქის ნაჭერი.

გაზიარება