ზორტიყელის იაილები ალპურ ზონაში, მთა ზორტიყელზეა მოფენილი, ზღვის დონიდან 2200 მ სიმაღლეზე. ეს მთა ღორჯომის ხეობიდან კურორტ ბახმაროში გადადის და ორ რეგიონს-აჭარასა და გურიას აკავშირებს ერთმანეთთან.
ზორტიყელი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული იაილებია. აქ მემთევრები ღორჯომის სოფლებიდან გადმოდიან, საქონელს უვლიან, წველიან, საზამთროდ რძის პროდუქტებს იმარაგებენ და კარტოფილსაც აქვე თესავენ.
მემთევრებს ზორტიყელშიც ხის სახლები აქვთ, სხვა იაილებისგან განსხვავებით, საკმაოდ მოზრდილი და, ძირითადად, ორსართულიანი, სადაც, პირველ სართულზე პირუტყვი დგას, მეორეზე კი პატრონი ცხოვრობს ოჯახთან ერთად. ზორტიყელს საცხენოსნო ტურიზმის დიდი პოტენციალი აქვს. აქ თითქმის ყველა ოჯახს ჰყავს ცხენი, რომელიც მათთვის გადაადგილების ძირითადი საშუალებაა და სტუმარსაც სიამოვნებით სთავაზობენ გასეირნებას. აგვისტოს მიწურულს ზორტიყელში სახალხო დღესასწაული იმართება, რისთვისაც ადგილობრივები განსაკუთრებით ემზადებიან. ამ დღეს ეწყობა სხვადასხვა შეჯიბრებები და ღონისძიებები, ხელნაკეთი ნივთებისა გამოფენა-გაყიდვა, შესაძლებელია ტრადიციული კერძების დაგემოვნებაც. დღესასწაულის მთავარი მოვლენა კი დოღია, არაჩვეულებრივი სანახაობა, რომლისთვისაც ადგილობრივები და სტუმრები მთელი წლის განმავლობაში ემზადებიან. ზორტიყელის იაილებზე ამ დღეს განსაკუთრებული ხალხმრავლობაა.
აქტივობები
იაილების მონახულება
როგორ მოვხვდეთ
მაღალი გამავლობის ავტომობილით;
ტაქსით 130-150 ლარი