აჭარაში შემოდგომა მხოლოდ მტევნებით დახუნძლულ ვაზსა და ციტრუსის ნარინჯისფერ ბაღებთან არ ასოცირდება. ზაფხულის შემდეგ, რეგიონის სტუმრებს ხავერდის და ფესტივალების სეზონი ელის.
შემოდგომის მზიან ბათუმს განსაკუთრებით უხდება სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა“. ოქტომბრის დასაწყისში ქალაქი მთებიდან ჩამოტანილი ფერებით, სიჯანსაღით, ენერგიითა და ჰანგებით ივსება. ამ დროს ბათუმი თითქოს დროებით კარგავს ქალაქის სტატუსს და აჭარის მადლიან სოფლად გადაიქცევა, რასაც განაპირობებს ქალაქის მთავარ მოედანზე თავმოყრილი რეგიონის სხვადასხვა კუთხისთვის დამახასიათებელი დეკორაცია, სპეციფიური კულტურა, ტრადიციები, სამზარეულო და ფოლკლორი.
ფესტივალის სტუმრები აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში ქალაქიდან გაუსვლელად მოგზაურობენ და აჭარული სოფლის ხიბლს შეიგრძნობენ. ორი დღის განმავლობაში საშუალება გეძლევათ დააგემოვნოთ ტრადიციული, უგემრიელესი, აჭარული კერძები და თავადაც მიიღოთ მონაწილეობა მათ მომზადებაში, სპეციალურ ფასში შეიძინოთ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი, მონაწილეობა მიიღოთ სხვადასხვა სახალისო აქტივობაში და, გამარჯვების შემთხვევაში, სოფლის ნობათით დახუნძლული წახვიდეთ სახლში.
ფესტივალ „განდაგანას“ ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტი ვიზიტორი ჰყავს. ის ერთნაირად საინტერესოა ადგილობრივებისა თუ ტურისტებისთვის. ფესტივალის პროგრამაც იმაზეა გათვლილი, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიცნოს აჭარული კულტურა და ტრადიციები. სოფლის პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა, მხიარული შეჯიბრებები, მასტერკლასები და ფოლკლორ შოუ - იმ ღონისძიებების მცირე ჩამონათვალია, რასაც ფესტივალი სტუმრებს სთავაზობს. ორი დღის განმავლობაში, ბათუმში მთიანი აჭარის მუნიციპალიტეტებთან ერთად, საქართველსო სხვა რეგიონებიც გმასპინძლობთ და მათთვის დამახასიათებელი ავთენტური პროდუქტებით, ასევე ხილით, ტკბილეულით, ხელნაკეთი ნივთებითა და ტრადიციებით წარმოგიდგებათ. ფესტივალისთვის დათმობილი არეალი თემატურ კუთხეებად არის დაყოფილი- ღვინის, რძის პროდუქტების, ხილის, ბოსტნეულის, ტკბილეულისა და ხელნაკეთი ნივთების ზონებად. ამას გარდა, სტუმრებს შეუძლიათ მთელი დღის განმავლობაში თვალი ადევნონ ფოლკლორულ შოუს, საღამოს კი თანამედროვე, ადგილობრივი ბენდების მუსიკით ისიამოვნონ.
ასე რომ, მზიანი ზაფხულის შემდეგ, ოქროსფერი, აჭარული შემოდგომა აუცილებლად გახდება თქვენი საყვარელი სეზონი, რომელიც ბათუმში უნდა გაატაროთ !