გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების ფესტივალს 2012 წელს ჩაეყარა საფუძველი და მას შემდეგ ყოველწლიურად იმართება, უფრო და უფრო გაზრდილი მასშტაბითა და აქტივობებით, რაც ხელს უწყობს ეკოტურიზმის განვითარებას. აჭარის რეგიონი მტაცებელ ფრინველთა მიგრაციის ერთ-ერთ უდიდეს კორიდორად ითვლება მსოფლიოში და საპატიო მესამე ადგილს იკავებს ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის შემდეგ. აჭარის ცაზე ყოველწლიურად 1 000 000 -ზე მეტი გადამფრენი მტაცებელი ფრინველი აღირიცხება, რომელთა სიმრავლეს რეგიონის უნიკალური ტოპოგრაფია და კლიმატი განაპირობებს. ამ ფაქტებიდან გამომდინარე, აჭარაში წლიდან წლამდე იზრდება ფრინველებზე დაკვირვებით დაინტერესება და, ფესტივალის ფარგლებში, უამრავი ექსპერტი, მოყვარული თუ, უბრალოდ, სიახლის მოყვარული ვიზიტორი სტუმრობს რეგიონს.
ფრინველებზე დაკვირვების კუთხით, ქობულეთი ერთ-ერთი გამორჩეული მუნიციპალიტეტია აჭარაში. სწორედ მის სოფლებში სახალვაშოსა და ჩაისუბანში ხდება გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვება, მათი აღრიცხვა და შესწავლა. აქ მოწყობილია ფრინველებზე დაკვირვების სპეციალური პლატფორმები, რომელთან მიმავალი ბილიკები მარკირებულია. ამ ორი სოფლის გარდა, რეგიონში ფრინველებზე დაკვირვება შესაძლებელია მტირალას ეროვნულ პარკში, ჭოროხის დელტასა და ისპანის ტორფნარზე.
ფესტივალის ფარგლებში, ერთი კვირის განმავლობაში ყოველდღიურად ეწყობა გასვლითი ლექციები და პრეზენტაციები მოწვეული და ქართველი სპეციალისტებისა და ექსპერტების მიერ, სადაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია დასწრება. ამის გარდა, გათვალისწინებულია გასართობი და შემეცნებითი ექსკურსიები ფრინველებზე დაკვირვების პლატფორმებზე, რაც შესაძლებლობას მოგცემთ, უშუალოდ, ექსპერტებთან ერთად ჩაერთოთ ფრინველებზე დაკვირვების პროცესში.
ფრინველებზე დაკვირვება, როგორც ტურიზმის ერთ-ერთი სახეობა, მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ეკოტურიზმის განვითარებას და პოპულარიზაციას. ამასთან, მნიშვნელოვანი წყაროა ფრინველებზე დაკვირვების პლატფორმებთან მიმდებარე საოჯახო სახლების მცირე ბიზნესის ხელშესაწყობად.