გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების ფესტივალს 2012 წელს ჩაეყარა საფუძველი და ყოველწლიურად გაზრდილი მასშტაბით იმართება, რითაც ეკოტურიზმის განვითარებას უწყობს ხელს. აჭარის რეგიონი მტაცებელი ფრინველების მიგრაციის ერთ-ერთ უდიდეს კორიდორად ითვლება მსოფლიოს მასშტაბით და საპატიო მესამე ადგილს იკავებს ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის შემდეგ. აჭარის ცაზე ყოველწლიურად 1 000 000 -ზე მეტი გადამფრენი მტაცებელი ფრინველი აღირიცხება, რომელთა სიმრავლეს რეგიონის უნიკალური ტოპოგრაფია და კლიმატი განაპირობს. ამ ფაქტებიდან გამომდინარე, წლიდან წლამდე იზრდება ფრინველებზე დაკვირვებით დაინტერესება და ფესტივალის ფარგლებში უამრავი ექსპერტი, მოყვარული თუ უბრალოდ სიახლის მოყვარული ვიზიტორი სტუმრობს რეგიონს.
ფრინველებზე დაკვირვების კუთხით, ქობულეთი ერთ-ერთი გამორჩეული მუნიციპალიტეტია, რომლის სოფლები სახალვაშო და ჩაისუბანი საუკეთესო ადგილებია გადამფრენ ფრინველებზე დაკვირების, მათი აღრიცხვისა და შესწავლისათვის. აქ მოწყობილია ფრინველებზე დაკვირვების სპეციალური პლატფორმები, მათთან მიმავალი ბილიკები კი მარკირებულია. გარდა ამ ორი სოფლისა,რეგიონში ფრინველებზე დაკვირვება შესაძლებელია მტირალას ეროვნულ პარკში, ჭოროხის დელტასა და ისპანის ტორფნარზე.
ფესტივალის ფარგლებში, ერთი კვირის განმავლობაში ყოველდღიურად ეწყობა გასვლითი ლექციები და პრეზენტაციები მოწვეული და ქართველი სპეციალისტებისა და ექსპერტების მიერ, სადაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია დასწრება. ამის გარდა, გათვალისწინებულია გასართობი და შემეცნებითი ექსკურსიები ფრინველებზე დაკვირვების პლატფორმებზე, რაც შესაძლებლობას მოგცემთ ექსპერტებთან ერთად უშუალოდ ჩაერთოთ ფრინველებზე დაკვირვების პროცესში.
ფრინველებზე დაკვირვება, როგორც ტურიზმის მიმდინარეობა, მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ეკოტურიზმის განვითარებას და პოპულარიზაციას, ამასთან, მნიშვნელოვანი წყაროა ფრინველებზე დაკვირვების პლატფორმებთან მიმდებარე საოჯახო სახლების მცირე ბიზნესის ხელშესაწყობად.