ალპური ბოტანიკური ბაღი


თუ აქტიური ტურისტი ხართ და გეგმავთ აჭარაში მაქსიმალურად საიტერესო მოგზაურობა მოიწყოთ, მაშინ თქვენი დასათვალიერებელი ადგილების ჩამონათვალში გოდერძის ალპური ბოტანიკური ბაღი აუცილებლად უნდა დაამატოთ. ბაღისკენ მიმავალ გზაზე (ბათუმიდან 115 კმ.) თქვენი ფოტოაპარატის ფირი შეივსება მაღალმთიანი აჭარის ულამაზესი ხედებით, თვალწარმტაცი სიმწვანით, მდინარეებით, ჩანჩქერებით, ტრადიციული აჭარული ოდა სახლებით, იალაღებითა და კოლორიტული სახეებით.

გოდერძის ალპური ბოტანიკური ბაღი-აჭარის მთებში, ხულოს მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 1960 მეტრის სიმაღლეზე, გოდერძის უღელტეხილიდან 3 კილომეტრში მდებარეობს. ბაღის მონახულებისთვის საუკეთესო  დროა მაისის შუა რიცხვებიდან ოქტომბრის შუა რიცხვებამდე პერიოდი.  წლის დანარჩენ დროს აქაურობა თოვლითაა დაფარული, რომელიც ზოგჯერ 5 მეტრსაც აღწევს.

გოდერძის უღელტეხილი ერთმანეთთან აკავშირებს აჭარასა და სამცხე-ჯავახეთს. ზაფხულში, სუბალპური მდელოები მწვანე  ხასხასა ბალახითა და ფერადი ყვავილებით იფარება, ალპური ბორცვების ფონზე ცა ძალიან  ახლოს მოსჩანს, ძროხები საძოვრებზე არიან მიმოფანტულნი. გზად ხშირად გხვდებათ წყაროს წყალი, ასევე ბავშვები, რომლებიც ძალიან იაფად ყიდიან ხის კევსა და ალპურ მარწყვს. იალაღები გამოცოცხლებულია და ყველგან ჟრიამული ისმის.

ალპურ ბოტანიკურ ბაღში სეირნობისას, ბევრ საინტერესო რამეს იხილავთ. აქ, თითქმის 10 ჰექტარზეა თავმოყრილი აჭარის  სუბალპური და ალპური ზონებისათვის დამახასიათებელი ველურად მოზარდი 50 ოჯახის, 111 გვარისა და 161 სახეობის მცენარე და ჰაბიტატის მრავალფეროვნება. აქვეა მოწყობილი ალპური ბოტანიკური ბაღის ერთ-ერთი გამორჩეული და საინტერესო პროექტი-ქვის ბაღი (როკარიუმი), სადაც 4000 მ2 ტერიტორიაზე მცენარეებთან შერწყმული სპეციალური ქვების  კომპოზიციებია წარმოდგენილი.

ალპური ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე განთავსებულია აჭარის რეგიონში მეფუტკრეობის ტრადიციების სადემონსტრაციო სახლი, სკები და სპეციალური აღჭურვილობა. აჭარის მთიან სოფლებში შემორჩენილია თაფლის წარმოების უნიკალური ტრადიცია-ჯარას ველური თაფლი.  მსოფლიოში ცოტა ადგილია, სადაც ადამიანი ველური ფუტკრების მიერ დამზადებულ თაფლს იყენებს და მათ შორის ერთ-ერთი საქართველოა.  ჯარას ველური თაფლი 100 %-ით ნატურალურია.

გოდერძის უღელტეხილი და მიმდებარე ტერიტორია ასევე ცნობილია მრავალსაუკუნოვანი ნამარხი ტყით, ტბებით, სამკურნალო ჰავითა და ტალახებით. ბაღში რამდენიმე დღით კარვის განთავსებაცაა შესაძლებელი, სადაც თქვენ   დაუვიწყარ დროს გაატარებთ ბუნების წიაღში, ისეირნებთ პატარა სუბალპური ტბის გარშემო, აივსებით მთის სუფთა ჰაერითა და დატკბებით შესანიშნავი პანორამებით.

მანძილი: ბათუმიდან 115 კმ

სიმაღლე ზღვის ზონიდან: 1960 მ

ფართობი 9.6 ჰა

ნალექი - 2000 მმ

ვიზიტის დრო: მაისიდან ოქტომბრის შუა რიცხვებამდე

 

სამუშაო საათები:

ზაფხული:  09:00- 20: 00

გაზაფხული-შემოდგომა: 09:00-16:00

 

მუნიციპალიტეტი:
ხულო

 

როგორ მოვხვდეთ:
მიკროავტობუსი ბათუმი-ხულო

მის: ბათუმის ძველი ავტოსადგური, მაიაკოვსკის ქ. №1. 

 

ბაღში შესვლა უფასოა

კატეგორია

ეროვნული პარკები და ბაღები

ხულო


კონტაქტი

+995 422 270033/246233

+995591980004 (თემურ ვასაძე)

ხულო

info@bbg.ge


სხვა ადგილები

პეტრას ციხე

ქობულეთი

ციხეები

მტირალას ეროვნული პარკი

ქობულეთი

ეროვნული პარკები

ქობულეთის დაცული ტერიტორია

ქობულეთი

ეროვნული პარკები

კინტრიშის ეროვნული პარკი

ქობულეთი

ეროვნული პარკები

მაჭახელას ეროვნული პარკი

ხელვაჩაური

ეროვნული პარკები

გონიოს ციხე

ბათუმი

ციხეები

ხიხანის ციხე

ხულო

ციხეები

ზენდიდის ციხე

ქედა

ციხეები