მარშრუტის დეტალები:
ხანგრძლივობა: 1 დღე
მანძილი: 85 კმ
სირთულე: მარტივი
ტიპი: სათავგადასავლო
მდებარეობა: ხულო
მარკირებული: დიახ

ხულო - სხალთის საფეხმავლო მარშრუტი გამჭოლია და მისი გავლა შესაძლებელია ორივე მიმართულებით. თაგო - სხალთის საფეხმავლო მარშრუტის ძირითადი მიმართულება იწყება ხულოს ცენტრიდან, რომელიც ბათუმიდან 85 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს და სხალთის ხეობაში სრულდება (82 კმ ბათუმიდან). მარშრუტი ხულოს მუნიციპალიტეტის ორ, მდინარე აჭარისწყლისა და სხალთის ხეობას აკავშირებს ერთმანეთთან. აღნიშნულ მარშრუტზე გადაადგილება ზამთარში თოვლის სიუხვის გამო არ არის რეკომენდებული.

ხულოს ცენტრიდან სოფელ თაგოში საბაგირო გზის საშუალებით ახვალთ, რომელიც უმოკლესი გზაა სოფელში მოსახვედრად. გზის გავლა ასევე შესაძლებელია ავტომობილითაც, თუმცა საყრდენების გარეშე ორ ხეობას შორის გაბმული საბაგიროთი მოგზაურობით თქვენ საშუალება გექნებათ ნახოთ ხეობის შთამბეჭდავი ხედები და მოგზაურობის დასაწყისშივე გამოსცადოთ განხვავებული ემოციები. თაგო-სხალთის მარშრუტი მთლიანად მარკირებულია, განთავსებულია ტურისტული მანიშნებლები, რომელიც გაგიადვილებთ მოგზაურობას.

საბაგიროდან რამდენიმე მეტრის გავლის შემდეგ, მოხვდებით ტიპურ აჭარულ სოფელში ტრადიციული ხის სახლებით, პატარა ლამაზი ეზოებით, ხილის და სიმინდის შესანახი ნალიებით, ჩალის ზვინებით, სხვადასხვა ჯიშის ხეხილის ბაღებით, სიმინდის ყანებით, სოფლის ორღობეებით, ფოთლოვანი და წიწვოვანი ტყეებით. სოფელში შეგხვდებათ საოჯახო სასტუმრო სახლები, სადაც შესაძლებელია შესვენება და ადგილობრივი კერძების დაგემოვნება ან რამდენიმე დღით დარჩენა.

თაგო-სხალთის საფეხმავლო ბილიკზე 1.2 კმ-ის გავლის შემდეგ, მარჯვენა მხარეს თქვენ დაინახავთ პატარა მდელოს, საიდანაც მოჩანს მეზობელი სოფლების, ქედებისა და ხეობების შთამბეჭდავი პანორამული ხედები. აქვე შესაძლებელია კარვის გაშლაც. მარშრუტის დიდი ნაწილი ძირითადად ტყეში, დაუსახლებელ ადგილებზე გადის, სადაც უხვად შეგხვდებათ კავკასიური მცენარეები, წიწვოვანი და ფოთლოვანი ტყეები. მარშრუტის დასასრულს, ასფალტირებულ გზაზე გასვლისას, 1.3 კმ-ის გავლის შემდეგ მოხვდებით სხალთის ხეობაში, სადაც ნახავთ შერიფ ხიმშიაშვილის მუზეუმს და სხალთის მონასტერს. როგორც თაგოში, ასევე სხალთის ხეობაში ფუნქციონირებს რამდენიმე საოჯახო სასტუმრო სახლი, სადაც შეძლებთ ღამისთევას, შესვენებას და კვებას.

მარშრუტის აღწერა სხალთის მონასტრიდან

სურვილის შემთხვევაში, მარშრუტზე მოგზაურობა შეგიძლიათ დაიწყოთ სხალთის ხეობიდან და სოფელი თაგოს მიმართულებით აუყვეთ. ამ შემთხვევაში, უფრო მეტი აღმართის გავლა მოგიწევთ. მარშრუტი იწყება სოფ. ყინჩაურში, სხალთის სამონასტრო კომპლექსთან და მიუყვება შუახევი-ხიხაძირის დამაკავშირებელ საავტომობილო გზას.

მონასტრიდან 700 მეტრში, გზის მარჯვენა მხარეს განთავსებულია ზემო აჭარის უკანასკნელი მთავრის, შერიფ ხიმშიაშვილის მუზეუმი. მუზეუმიდან 500 მეტრის გავლის შემდეგ, მარშრუტი ცენტრალური გზიდან უხვევს მარჯვნივ, სოფელი გურძაულისკენ. საავტომობილო გზა სოფელი გურძაულის ბოლომდე მიდის. ბოლო მოსახლის ეზოს სიახლოვეს საავტომობილო გზა მთავრდება. მარშრუტი ფართო ბილიკით ტყეში გრძელდება და  ციცაბო აღმართს მიუყვება ერთი კილომეტრის მანძილზე.შემდეგ რელიეფი სწორდება და ბილიკი გადის გაშლილ მინდვრიან ფერდზე, გაივლის ტყეს, შთამბეჭდავ ხედებს და მდელოებს, ჩადის სოფელ თაგოში, სადაც ტურისტს შეუძლია არსებულ საოჯახო სასტუმროებში შესვენება, ღამისთევა და კვება. სოფელი თაგოდან საბაგირო გზის გავლით, ანდა სურვილის შემთხვევაში, ავტომობილის თუ ველოსიპედის საშუალებით მოხვდებით ხულოს ცენტრში, სადაც დაასრულებთ მარშრუტზე მოგზურობას.

ხულოს ცენტრიდან გზის გაგრძელება შესაძლებელია მუნიციპალური ტრანსპორტით - ბათუმის ან კურორტი გოდერძის მიმართულებით.

ტრანსპორტი

სამარშუტო მიკროავტობუსი
ბათუმი-ხულოყოველდღიურად08:00-12:00 ყოველ საათში ერთხელ12:00-18:30- მდე ყოველ ნახევრ საათშიფასი - 5ლარი.
ხულო-ბათუმიყოველდღიურად, 09:00-18:30-მდე საათში ერთხელღირებულება 5 ლარი.
ბათუმი - სხალთა: 09:00 ზე, 15:00 ზეღირებულება 5 ლარი
სხალთა - ბათუმი: 09:00; 15:00. ღირებულება 5 ლარი
საკონტაქტო: ხულოს ავტოსადგური 0423 270095

გაზიარება

განთავსება მარშრუტზე

სხალთა
სხალთა

საოჯახო სასტუმრო ხულო

მსგავსი მარშრუტები